Home » ეკონომიკა » ახალი სააგენტო ძველი აბრევიატურით და კიდევ უფრო ძველი დაპირებებით
ახალი სააგენტო ძველი აბრევიატურით და კიდევ უფრო ძველი დაპირებებით

ახალი სააგენტო ძველი აბრევიატურით და კიდევ უფრო ძველი დაპირებებით

ახალი სააგენტოს სტრუქტურაში ახალი არაფერია, მოხაზულობების გარდა. მოხაზული კი ბარე ყველაფერია: „აწარმოე საქართველოში – ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში – ექსპორტი“, „აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია“. გაგიხარია, კარგია. მოხაზულია თითქმის ყველაფერი, რაც ფაქტობრივად შეადგენს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივას. იქნებ აქცენტირებულია ეს ყველაფერი?  „ჩვენი გეოგრაფიული ლოკაციიდან, ბიზნესგარემოდან, საკანონმდებლო ბაზიდან და საგადასახადო სფეროდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული შანსები იმისთვის, რომ დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ ჩვენს მიმართულებაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. და განა ბოლო 25 წლის განმავლობაში ამას არ ვცდილობთ? 2012 წლიდანაც იმავე მისწრაფებებით ვართ ანთებულები. შედეგი…? და განა რაიმე ხელშესახები, არსებითი შედეგი გვააქვს? – პასუხი არ არის, არ არის.

ყოველშემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებას ამის თაობაზე არაფერი გაგვიგია, არც ეტყობა ქვეყანას რამე.

Invest in Gerogia! იქნებ სერიოზული და ხელშესახები შედეგები აქ მაინც გვაქვს? იქნება და გვეღირსა სოლიდური დასავლური ინვესტიციები, რომლებიც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შედეგიანობას და სისწორეს ცხადყოფდა? რა ინვესტიციები? რა ახალი ეტაპი? მანიპულაციები აბრევიატურებით, ოფშორში გადასროლილი კაპიტალების მიმოქცევა, რუსული და კიდევ ბევრი საეჭვო წარმომავლობის ფულიღა თუ მოძრაობს კონფლიქტების მოცულ სამხრეთ კავკასიასა და მის შემოგარენში.

რა ვიცი, რა ვიცი… დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ ჩვენს მიმართულებაზეო, ითქვა. აჰა თქვენ და აჰა ირანი. კორიდორი კეთდებაო, იქედან აქეთ, აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით. და ეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს რომ არ მოეწონოთ? ვითომ შეთანხმებულია მათთან? დიდგორობას ვერ ვაწესებთ (და სწორია რომ არ ვაწესებთ, თორემ გარკვეული ძალები შესაძლოა თურქეთში გაიხარებდნენ – მიზეზი მიეცემოდათ, რომ გადაეთქვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რასაც თურქეთის აფხაზთა მრავალრიცხოვანი დიასპორა დიდი ხანია ცდილობს), ნუთუ სტრატეგიულ პარტნიორებთან მოთათბირების გარეშე არის შესაძლებელი მათდამი დაპირისპირებულ ქვეყნებთან მასშტაბური პროექტების განხორციელება? თუ შეთანხმებულია, ძალიანაც კარგი, თუმცა ვეჭვობ შეიძლება გამორჩენოდათ.

გიორგი გახარიამ თითქოსდა განმარტა ამ სააგენტოს ტრანსფორმაციის საკვანძო მომენტები. მაგრამ რახან პრეზენტაციაზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვეცა ჩვენთვის საინტერესო თემებზე სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გადავწყვიტეთ გასაუბრება. რა თქმა უნდა გვაინტერესებდა ქალბატონ მარიანას ხედვები სააგენტოს პერსპექტივების თაობაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ამ ეტაპზე ინტერვიუს მიცემას ჟურნალისტებისთვის არ აპირებს.

ვიცით ეს მანევრიც! ბუნებრივია მიუკერძოებელ მედიაზე ადრე ექსკლუზივი პრონაციონალურმა მედიასაშუალებებმა, უფრორე ტელევიზიებმა უნდა მოიპოვონ ექსკლუზივი.

რა გაეწყობა! მთავარია, ამ ერთ სააგენტოზე არ გადმოვიდეს მთელი მინისტრთა კაბინეტის ფუნქციები. ფაქტობრივად, რაც გიორგი გახარიამ დაასახელა მის ამოცანებად, მთელი მთავრობის ამოცანა და ფუნქციებია, ნუ, რჩება ნუცას სკოლა, კომბლე, ნაცარქექიობა და კულტურა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ერთობ მინავლებულია.

სამთავრობო კულუარებში და ტრიბუნებიდანაც კი ქართულ საზოგადოებაზე მეტად, პრონაციონალური მედია და პორტირებული ნაციონალები ეიმედებათ, რომლებითაც სააგენტოს და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დაკომპლექტებას აპირებენ.

რა ვიცი, რა ვიცი… სახელისუფლო სტრუქტურების დაკომპლექტება თუ არ შეეძლოთ, რას იქადნიდნენ, ასეო და ისეო. მაგრამ არ შემდგარი მერიტოკრატიიდან ფავორიტიზმამდე დავედით. აქ კი აღლუმი ისევ ნაციონალებს მიჰყავთ.

ჯანდაბას, ოღონდ ეშველოს ამ ქვეყანას.

„ბ & ფ“

გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკამდე – მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა

სამი წლის წინ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ამიერიდან იმავე სახელწოდების ახალი სააგენტოს ქოლგის ქვეშ გაგრძელდება. ახალი სააგენტო, რომლის პრეზენტაციაც უკვე გაიმართა, დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააერთიანებს 3 კომპონენტს:

„აწარმოე საქართველოში – ბიზნესი“; „აწარმოე საქართველოში – ექსპორტი“; „აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია.

აწარმოე საქართველოში – ბიზნესი“ გააგრძელებს მუშაობას ბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად, შიდა ინვესტიციების წახალისებისთვის, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება-დივერსიფიცირებისთვის.

„აწარმოე საქართველოში – ექსპორტი“ ხელს შეუწყობს ქართველ ექსპორტიორებს, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება

„აწარმოე საქართველოში -ინვესტიცია“ – განახლებულ სააგენტოში გაერთიანდება ბრენდი „Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის.

ჩამოთვლილ 3 კომპონენტს საფუძვლად დაედება ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა. საქართველოს პრემიერი-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესსაქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას.

„მას ექნება ერთიანი ფრონტოფისი, ანუ მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესსაქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. მინდა გითხრათ, რომ მეწარმეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდას,” – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სავაჭრო-საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით – საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან;უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან; განიხილება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

„ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ პოტენციალს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია, ინვესტორებმა დაინახონ ის განსაკუთრებული შესაძლებლობები და ის ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოში არსებობს და ამით ხელი შეუწყონ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მუშაობას. უფრო მეტიც, ჩვენი ექსპორტიორების გლობალური პოზიციონირებისთვის რამდენიმე სახელმწიფო უწყება გააერთიანებს ძალისხმევას. აწარმოე საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთობლივად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდს, სოფლის მეურნეობის კომპონენტის წარმატებით განხორციელებისთვის, მადლობა საბანკო სექტორს, რომლის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს წარმატებული თანამშრომლობისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.

დაინერგება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი, რომლებიც იქნებიან საქართველოს ეკონომიკური ელჩები და იმუშავებენ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში.

პროგრამის – ,,აწარმოე დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა; პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით  100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; 20-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში და ინვესტიციების ჯამური ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს; კინოინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია; მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი,თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად.

გიორგი კაპანაძე

Share