Home » ეკონომიკა » „ახალი რეფორმის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია“ – ირინა მილორავა

„ახალი რეფორმის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია“ – ირინა მილორავა

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან განხორცილდება მორიგი ენერგეტიკული რეფორმა, რაც საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას გულისხმობს. ბირჯაზე, ანუ ონლაინ პლატფორმაზე ელექტროენერგიით ვაჭრობას შეძლებენ რეგისტრირებული სუბიექტები და. რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან. საუბრის სრულ ვერსიას bfm.ge დრესვე, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

არის მოლოდინი, რომ ენრგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ელექტროენერგეტიკაში ტარიფების გაუმჭვირვალობის პრობლემას, ფასწარმოქმნის ბუნდოვანების პრობლემას, მოხსნის კითხვას – რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ფასი (გენერირებულის თუ იმპორტირებულის). ერთი სიტყვით, შექმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს საბაზრო ფასს. თქვენი აზრი  როგორია? – შეძლებს ბირჟის ამოქმედება ამ მოლოდინის გამართლებას?

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმა უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობას, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ დღეს საბითუმო ბაზარზე ფასები გაუმჭვირვალედ ყალიბდება. უფრო პირიქით – დღეს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც არსებულ მოდელში მეტ-ნაკლებად საბაზრო ფასის იდენტურია, ფორმირდება მოქმედი ბაზრის წესების საფუძველზე და ნებისმიერმა მწარმოებელმა წინასწარ იცის, რა ფასად შეისყიდის მის ელექტროენერგიას სისტემის კომერციული ოპერატორი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფასის ფორმირება ხდება არა საბაზრო პრინციპების საფუძველზე, არამედ სახელმწიფოს მიერ. ახალი რეფორმის მთავარი მიზანიც ესაა – ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს  კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია. შესაბამისად, ფასის გამჭვირვალობა და სანდოობა სწორედ ახალი, კონკურენტული ბაზრის პირობებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ზოგადად, ფასის ფორმირების გამჭვირვალობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – ფასწარმოქმნის პრინციპი და კონკურენციის ხარისხი. ალგორითმი, რომელითაც მოხდება საბაზრო ფასის განსაზღვა ბირჟაზე, არის ევროპაში ფართოდ გავრცელებული ალგორითმი (EUPHEMIA), რომელიც კარგადაა ნაცნობი ენერგეტიკული სექტორის ინვესტორებისთვის და ეფუძნება რეალური მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობას. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიყენებთ ევროპაში უძველესი, სანდო და ავტორიტეული ბირჟის – ნორდ პულის სავაჭრო პლატფორმას, პრაქტიკულად არ ტოვებს კითხვებს საბაზრო ფასის სანდოობასთან დაკავშირებით.

მეორე ფაქტორი – კონკურენციის საკმარისი ხარისხის უზრუნველყოფა – უფრო მეტ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმაში ჩართული სუბიექტებისგან.

კონკურენტულ ბაზარზე მაღალია მანიპულაციის და, შესაბამისად, საბაზრო ფასის დამახინჯების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ოპერირებს 100-ზე მეტი ელექტროსადგური, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი არის მცირე ზომის ბაზარი, სადაც მაღალია ცალკეული ჯგუფების, მათ შორის, სახელმწიფო კომპანიების, კონცენტრაცია, რაც ბუნებრივია, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ბაზრის ზედამხედველობის და მონიტორინგის კუთხით.

შესაბამისად, როდესაც რეფორმის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ფასის დამახინჯებისგან ბაზრის დაცვას მივიჩნევთ (რაც გულისხმობს როგორც ფასის დაუსაბუთებლად ზრდას, ასევე – შემცირებას და ორივე შემთხვევა ერთნაირად საზიანოა კონკურენტურლი ბაზრისთვის).

საბაზრო ფასის დამახინჯება, როგორც წესი, ბაზარზე მანიპულაციის შედეგია და, ამიტომ, ახალი ბაზრის მოდელში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთი ახალი – ბაზრის მონიტორინგის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ფასების ჩამოყალიბება ბაზარზე.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარეგულირებელი კომისიის, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების როლი, დააკვირდეს ბაზარს, მოიკვლიოს ყველა საეჭვო გარიგება და ტრანზაქცია და მოახდინოს დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე.

მარეგულირებელი კომისია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მონაწილეებთან კონსულტაციების საფუძველზე სულ ახლახანს დაამტკიცა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო პრაქტიკასთან და ევროპულ რეგულაციებთან.

Share