Home » ეკონომიკა » ახალი პრემიერი მივიწყებული ეკონომიკური პროგრამით – როგორ აფასებენ ეკონომისტები ღარიბაშვილის ეკონომიკურ ხედვას

ახალი პრემიერი მივიწყებული ეკონომიკური პროგრამით – როგორ აფასებენ ეკონომისტები ღარიბაშვილის ეკონომიკურ ხედვას

პანდემიურმა პროცესმა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის პარალელურად, მთელი რიგი გლობალური ეკონომიკური ხედვების გადაფასების საკითხიც დააყენა დღის წესრიგში. ყველაზე მეტად გაუჭირდათ ქვეყნებს, რომლებიც მომხმარებლური ეკონომიკის წარმომადგენლები არიან. ჩვენი ქვეყანაც წლების განმავლობაშიც მოხმარებაზე და არა წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონეა. ეკონომიკის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი საბანკო სფეროსთან ერთად, ტურიზმს და მის მომიჯნავე სექტორებს უჭირავს. შესაბამისად, დასაქმებულების დიდი რაოდენობაც აქაა გენერირებული. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას უკვე ახალი პრემიერი ჰყავს ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელიც უკვე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას და რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა 2014 წელს, ხოლო 3 პროცენტით 2015-ში.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის ორწლიან პერიოდში შემუშავდა „სტრატეგია 2020.“ დოკუმენტი 2020 წლისთვის მისაღწევ მიზნებს ისახავდა და მათ მისაღწევად საჭირო გზებს აჩვენებდა. ამ გეგმის იმპლემენტაცია მისი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ არ განხორციელებულა და ქვეყნის ეკონომიკაში ამ გეგმის ნაწილობრივი თუ სხვა გეგმის განხორციელებით, რაიმე გარდამტეხი ძვრები არ დამდგარა.

ამჯერად, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავის ხედვა და გეგმები გააცნო.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შემუშავება, რომლის შექმნასაც ჩემს გუნდთან და მთავრობასთან ერთად და თქვენი, პარლამენტის ჩართულობით ვაპირებ“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს.

საინტერესოა, თუ როგორ აფასებენ ეკონომიკის ანალიტიკოსები ახალი პრემიერის ხედვებს და რა რჩევები აქვთ მათ მისთვის, რადგან ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში იყო, არსად გამქრალა. პირიქით, კიდევ უფრო მწვავედ დგას გლობალური პანდემიის გათვალისწინებით.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრის, ლადო პაპავას შეფასებით, 2014 წელს ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კარგი დოკუმენტი მიღებული, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის გამოცდილება, მან მიიღო სათანადო წრთობა, როცა ამ თანამდებობაზე მოუწია პირველად მოღვაწეობა. მაშინ გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილი და კონსტრუქციული პიროვნებაა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა საქართველოს „სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“, რომელიც პრაქტიკულად სრულყოფილი დოკუმენტი იყო ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარების და რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ჩანაცვლებული იყო პრიმიტიული 4-პუნქტიანი გეგმით. ეს იყო უდიდესი შეცდომა. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ ისტორიულ დოკუმენტებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვფიქრობ, მას აქვს შანსი სწორად გაუძღვეს ქვეყნაში შექმნილ ვითარებას“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

„სტრატეგია 2020“-ის ქმედითობაზე მიუთითებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. როგორც სილაგაძე განმარტავს, ამ დოკუმენტზე უკეთესი გეგმა, ბოლო წლების განმავლობაში არ შემუშავებულა და ამ დოკუმენტს  დიდი გარღვევის მოხდენა შეუძლია ეკონომიკისთვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მთავრობა მას დაუბრუნდეს.

,,ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც შემუშავდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020, მეცნიერებთან ერთად.  გეგმა  შემუშავდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. სამწუხაროდ, ეს პროგრამა იგნორირებული იქნა შემდეგში, არადა უაღრესად საინტერესო, კონკრეტულ პერიოდებზე გათვლილი პროგრამა იყო, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ.

ახლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სწორედ ღარიბაშვილის პერიოდში აღდგება და განახლდება ის პროგრამა, რომელიც  ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.  მთავარია, რომ  განახლების ძირითადი გეგმა არსებობს, რაც ორიენტირი იქნება ახლად დაკომპლექტებული მთავრობისთვის.  სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების და  მთავრობის პერიოდში ეს პროგრამა არ გაუთვალისწინებიათ. იმედია, ამ ეტაპზე განახლდება ეს დოკუმენტი და უფრო მეტად ვიქნებით განვითარებაზე ფოკუსირებული. ეს გეგმა გულისხმობდა  რეალური სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას.

ფაქტია, ეკონომიკური განვითარების ყველაზე კარგი გეგმა სწორედ ღარიბაშვილის დროს შემუშავდა. დღემდე მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო დოკუმენტი. მართალია, ყველა პრემიერი საკუთარი პროგრამით ხელმძღვანელობდა, მაგრამ მისი ტოლფასი რეალურად არც ერთი არ იყო.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მასში 2020 წლამდე ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება იყო გათვლილი, როგორ უნდა განვითარებულიყო და ამას მოჰყვებოდა ანალიზი, როგორ განვითარდებოდა ქვეყანა. შეიძლება გარკვეული ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კარგი პროგრამა სხვა არც ერთი ყოფილა. ახლა, როდესაც ღარიბაშვილი ისევ ქვეყნის პრემიერია, შეიძლება  ეკონომიკური გეგმა გაცოცხლდეს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მისი გამოყენება  ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ცხადია, შეიცვლება, მაგრამ რა ფორმით დაკორექტირდება იგი, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა სილაგაძემ.

როგორც ჩანს, ეკონომისტები ღარიბაშვილის ეკონომიკური ხედვის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში აპელირებდა ისეთი დარგების აღდგენა-განვითარებაზე, როგორიცაა სამხედრო თვითმფრინავების წარმოება, დრონების, ტყვია-წამლის წარმოება და სხვა. ერთია საუბარი, ხოლო მეორეა ამ საუბრის მიღმა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გადაიდგმება თუ არა რეალური სექტორის განვითარების სასარგებლოდ ნაბიჯები და იქნება თუ არა ხელშესახები შედეგები, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს.

სანდრო პირველი

Share