Home » ფინანსები » ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!
ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლარის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოსვლისთანავე გააყალბეს

ყალბი 20 და 50-ლარიანები აღმოაჩინეს კახეთში, გურიასა და თბილისში. “რეზონანსი” დაინტერესდა, რამდენად დაცულია ახალი კუპიურები. ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ გამოყენებულია დაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტები. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისელი ფარმაცევტი ლანა ხაბაძე ამბობს, ყალბი 20-ლარიანი დაახლოებით ორი კვირის წინ შეატყუეს. რამდენადაც აფთიაქში ბევრი ხალხი იყო, ამიტომ კუპიურას ყურადღება არ მიაქცია.

“მომხმარებელი შემოვიდა და იყიდა წამალი. 20-ლარიანი მომცა, ხურდა დავუბრუნე, ბევრ ადამიანს ვემსახურებოდი და ამ ფულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით ფულს ვახარისხებდი და მაშინვე მივხვდი, რომ ერთი 20-ლარიანი ყალბი იყო. იმდენად უხარისხო ქაღალდი იყო, ხელის მოსმითაც ეტყობოდა”, – ამბობს ლანა ხაბაძე.

ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამოღებული კუპიურების ოდენობამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა.

“რეზონანსს” შსს-ს გურიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ლაზერით აღჭურვილი, უცხოური წარმოების სპეციალური აპარატით დაამზადეს. შემდეგ ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.

ამ ფაქტების შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ახალი ბანკნოტები კლიშეს (საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით აღწარმოებისათვის) მეთოდით არ არის დამზადებული და იგი სპეციალური პროგრამით შეიქმნა. ამიტომ ბანკნოტების გაყალბება მარტივია. ეროვნულ ბანკში ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ფული კომპიუტერული პროგრამებით არ მზადდება. არსებობს კლიშე, რომელიც სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტ პაატა შეშელიძის განცხადებით, ფაქტია ის, რომ ახალი ბანკნოტების მიმოქცევაში გამოსვლისთანავე ფალსიფიცირება მოხდა და თუკი ფულის დაცვის თვალსაზრისით სათანადო ზომები არ არის მიღებული, ამაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი.

საკითხი დგას ასე: გამოუშვეს ახალი ბანკნოტები, ეს იყო ძალიან ფარული პროცესი. წესით, უკანასკნელი გამომცდელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი დაბეჭდვა შეიძლება. ეს, ცოტა არ იყოს, ჩემში ეჭვს ბადებს. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია პროცესზე. მათ უნდა მიეღოთ ზომები და გაეთვალისწინებინათ, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ბანკნოტების ფალსიფიცირება”, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი კი აღნიშნავს, რომ ახალი ბანკნოტები თანამედროვე სტანდარტებით არის გაკეთებული და მასზე საკმაოდ ბევრი დაცვის ელემენტია დატანილი. ამიტომ ახალი ფულის გაყალბება არც ისე მარტივია.

“ამას სჭირდება საკმაოდ მაღალი დონის ტექნოლოგიები. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში უნდა იყვნენ, თუკი ასეთი ტექნოლოგიები შემოვიდა საქართველოში. შესაძლებელია ეს იყო ცუდი ხარისხის ყალბი ფული, მაგრამ მაინც მოტყუვდნენ ადამიანები. ამაში გამყალბებლის გარდა ვერავის დაადანაშაულებ”, – ამბობს თოქმაზიშვილი.

რაც შეეხება ახალი ბანკნოტების დაცვის ხარისხს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის განახლებულ ბანკნოტებზე გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიები და დაცვის მექანიზმები. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ განახლებული ბანკნოტები საკმაოდ საიმედოდ არის დაცული”, – ირწმუნებიან ეროვნულ ბანკში.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ ლარის განახლებულ ბანკნოტებზე დატანილია მოსახლეობისათვის განკუთვნილი დამცავი ნიშნები: წყლის ნიშანი, ვერტიკალური დამცავი ძაფი, ჰოლოგრამა, ფარული გამოსახულება, ხილული ბოჭკოები, თანმხვედრი გამოსახულება, რელიეფური ბეჭდვა, ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის, ოპტიკურად ცვალებადი საღებავი, ირისისებური დაცვა.

განახლებული ლარის სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ამოსაცნობი დამცავი ნიშნებია: ფოსფორესცენციური და ფლუორესცენციური ნათებია, მაგნიტური სერიული ნომერი, ინფრაწითელი დაცვა, მაგნიტური ინტაგლიო, უხილავი დამცავი ბოჭკოები, მიკროსრიქონები. სებ-ში განმარტავენ, რომ თუკი ვინმე ლარის ბანკნოტს საეჭვოდ მიიჩნევს, მან უნდა მიმართოს ნებისმიერ კომერციულ ან ეროვნულ ბანკს.

წყარო: bpn.ge

Share