Home » ახალი ამბები » „ახალგაზრდა ადვოკატები“ „მრეწვრკინიგზას“ ქონების სახელმწიფოს მიერ მიტაცების საქმეზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მრეწვრკინიგზას“ ქონების სახელმწიფოს მიერ მიტაცების საქმეზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს

2021 წლის 23 მარტს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის მასშტაბურ სისტემურ დანაშაულზე მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს. კერძოდ, საქმე ეხება სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“, რომელსაც ქონებები 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად, ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს.

უკანონო ჩარევის შედეგად, სააქციო საზოგადოების დირექტორს ქონებების ნაწილი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვებინეს, ნაწილი – სახელმწიფოს სასარგებლოდ გამიჯვნით მიისაკუთრეს. სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა – კანონის საფუძველზე.

ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ საქმე დეტალურად შეისწავლა, რომელიც დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. წართმეულ ქონებებს ისევ უკანონოდ ფლობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის მიმართაც, სასამართლოში, ქონებების დაბრუნების მოთხოვნით, უკვე მიმდინარეობს სამართალწარმოება.

მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 6448.00 კვ.მ და ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 10705.00 კვ.მ ნაკვეთის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა აუკრძალა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ მოთხოვნა 2012 წლამდე წართმეულ 778,515,00 ლარზე მეტი ღირებულების ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენისა და ქონების დაბრუნების კუთხით აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებაზე. სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შესულია კანონიერ ძალაში და მან განვლო ორი ინსტანციის კონტროლი.

მართალია, სააქციო საზოგადოებამ 2012 წლის შემდგომ მიმართა სასამართლოს და იმ გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა, რომლიც ნების საწინააღმდეგოდ, ქონებების დათმობის საფუძველი გახდა, თუმცა სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დააკმაყოფილა – გაუქმდა გადაწყვეტილებები, რომლითაც ქონებების მიტოვება სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ მოაქცია, მაგრამ სააქციო საზოგადოებამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვერ აღიდგინა. ამის მიზეზი სარჩელით სათაანდო მოთხოვნის დასმის არასებობა გახდა, თუმცა მოლოდინი, სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ დაუბრუნებდა დასახელებულ ქონებებს, არ გამართლდა. შესაბამისად, მხარემ ისევ მიმართა სასამართლოს და უძრავი ქონებების დაბრუნების კუთხით ამჟამად მიმდინარეობს სამართალწარმოება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის პრეზენტაცია TEP-ის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: ქ. თბილისი, კოკა კლდიაშვილის ქ. #1, 11:00 საათზე გაიმართება.

Share