Home » მსოფლიო » ახალ ზელანდიაში უცხოელებისთვის სახლების მიყიდვა აიკრძალა
ახალ ზელანდიაში უცხოელებისთვის სახლების მიყიდვა აიკრძალა

ახალ ზელანდიაში უცხოელებისთვის სახლების მიყიდვა აიკრძალა

ახალი ზელანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებისთვის საცხოვრებელი სახლების მიყიდვას ზღუდავს. როგორც BBC წერს, სახლების შეძენა აიკრძალა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, გარდა ბინადრობის მქონე უცხოელებისა, ასევე სინგაპურელებისა და ავსტრალიელებისათვის, რადგან ამ ქვეყნებთან ახალ ზელანდიას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს.

უცხოელებისთვის სახელების მიყიდვის შეზღუდვა მიმართულია იმისკენ, რომ ადგილობრივებისთვის საცხოვრებელი ფართი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები, შეზღუდული საცხოვრებელი ფონდი და იმიგრაცია ბოლო წლების განმავლობაში სახლების ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა.

გამოცემა The Financial Times-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ბინებისა და კერძო სახლების ფასი 60%-ით გაიზარდა, ხოლო მოსახლეობაში ბინათმესაკუთრეთა წილი ბოლო 70 წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზეა.

სახლების უცხოელებისთვის მიყიდვის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის 63-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 57-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ უფლება შეზღუდული ინვესტიციები განახორციელონ ახალაშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში.

ახალი ზელანდიის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, დევიდ პარკერმა კანონის მიღებას მნიშვნელოვანი უწოდა.

„მთავრობას სჯერა, რომ ახალზელანდიელები არ უნდა იყვნენ შევიწროებულები უფრო მდიდარი უცხოელი მყიდველების მიერ. იქნება ეს ტბისპირა ლამაზი სახლი, თუ ოკეანის სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი, ან ქალაქის გარეუბანში მდგარი კერძო სახლი, ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სახლები ახალი ზელანდიის ბაზარზე გაიყიდოს და არა საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნავს მინისტრი.

კანონის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ სახლების უცხოელებისთვის მიყიდვის შეზღუდვა ქვეყნის სამშენებლო სექტორში უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს და მშენებლობის ტემპებს შეანელებს.
უცხოელებისთვის სახლების მიყიდვის აკრძალვა საარჩევნო კამპანიის დროს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ერთ-ერთი დაპირება იყო.

1tv.ge
ქეთი ჩოხელი

Share