Home » საზოგადოება » აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის (EEU) უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრი გახდა.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი უნივერსიტეტების გაერთიანება ევროპაში. EUA აერთიანებს 800 უნივერსიტეტს (სრული და ასოცირებული წევრები) და რექტორთა ეროვნულ კონფერენციას 48 ევროპული ქვეყნიდან. EUA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის განსაზღვრაში. ასოციაციის წევრი უნივერსიტეტები ხელს უწყობენ და ზრუნავენ ევროპის კონტინენტის კულტურების, საზოგადოებებისა და ეკონომიკის განვითარებაზე.

EUA-ის ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსის მოპოვებისთვის უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს სწავლებისა და კვლევის მიმართულებით ასოციაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს.

EUA შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს წევრ უნივერსიტეტებს, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში, ღონისძიებებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში. ასევე, უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოლიტიკის განსაზღვრაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის პირველი კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც მოიპოვა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი, რაც ფასდაუდებელ შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტს, მის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აღნიშნული წარმატება ქვეყნის განათლებისა და კვლევის საერთაშორისო დონეზე აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისაკენ.

Share