Home » საზოგადოება » “აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა…” – სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს
"აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა..." - სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

“აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა…” – სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

აფხაზეთში, როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი სახემწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხაჯიმბას გადადგომაა.

თანასწორობისა და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და პოლიტიკური ექსპერტი პაატა დავითაია მიიჩნევენ, რომ საერთოეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება ადგილობრივი ოპოზიციის მანევრია, რისი მეშვეობითაც ისინი მომავალი ე.წ. არჩევნებისთვის ემზადებიან.

ამ მიზნით სოხუმში აფხაზ ომის ვეტერანთა მოძრაობა “ამცახარასა” და სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანების, ასევე, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილის მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა საერთოეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება, რომლის მიზანიც დე ფაქტო რესპუბლიკის კრიზისიდან გამოყვანა, მისი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა” იქნება.

გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების კოორდინირებისთვის შეიქმნა შტაბი, რომლიც ხელმძღვანელიც იქნება ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას პრობლემები, პირველ რიგში, ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გამო აქვს, რომელიც “არჩევნებში” წაგების შემდეგ არ აღიარებდა შედეგებს, რითაც საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევდა. მათ სურთ, რომ ხაჯიმბამ დათმოს “პრეზიდენტის” პოსტი, რათა “ქვეყანამ” წინსვლა შეძლოს.

“რეზონანსთან” საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა არ შეიმჩნევა. უბრალოდ, ე.წ. ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის ემზადება.

“ვერ შევაფასებ ამ ნაბიჯს, როგორც ანტირუსული განწყობის ზრდას აფხაზეთის საზოგადოებაში. ეს იყო ოპოზიციის მორიგი ნაბიჯი, რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ, მომავალი არჩევნებისათვის ძალები მოიკრიბონ, მეტი არაფერი.

“ეჭვი მეპარება, რომ ეს გადაიზარდოს სერიოზულ საზოგადოებრივ პროტესტში. უბრალოდ, ოპოზიცია ძალების მობილიზაციას ახდენს, რათა იცოდეს, რა ძალებით შეუტევს მომავალ “არჩევნებში” და რით შეძლებს წარმატების მიღწევას. ჩემი აზრით, ეს არის მორიგი მცდელობა, დაუპირისპირდნენ დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ჩამოყალიბებულ საერთოეროვნული მოძრაობას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ხელისუფლებაში მოსვლა.

“ეს არ არის ანტირუსული მოქმედება, არამედ ხელისუფლებისთვის ბრძოლა – კლანური ბრძოლა. არაერთხელ მითქვამს, რომ რაულ ხაჯიმბას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მას აბრალებენ, რომ ძალიან დიდი სეგმენტით დამოუკიდებლობა დაკარგა და უფრო მეტი სეგმენტით რუსეთისთვის მეტი უფლებების მიცემა უზრუნველყო. ამ მომენტს იყენებენ და თვითონაც რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმავეს გააკეთებენ, რასაც ხაჯიმბა.

“მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის ფონზე იმის თქმა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არიან, ან რაიმე სასწაული მოხდება, არ არის გამართლებული. ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მით უმეტეს, ახლა “საპრეზიდენტო არჩევნები” იქნება. აქედან გამომდინარე დაიწყო ეს მოქმედებები”, – განაცხადა დავითაიამ.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს დიდად არ მოსწონს რუსეთი, დამოკიდებულება მაინც არ იცვლება.

“უფრო ძველებურად რჩება, ვიდრე იზრდება ანტირუსული განწყობა აფხაზეთში. პირიქით, ახლა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი იყო და პუტინი შეხვდა ხაჯიმბას.

“შეიძლება ითქვას, რომ ღრმა სტაგნაციაა აფხაზების დამოკიდებულებაში რუსეთის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ წელსაც კატასტროფულად ჩავარდა ტურისტული სეზონი. ეს ეკონომიკურად ძალიან აწვება აფხაზეთს, რაც მათ რუსეთზე მეტად დამოკიდებულს ხდის. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, ამ რეალობიდან შესაძლებელი იყოს ანტირუსული განწყობის დანახვა აფხაზეთის მოსახლეობაში.

ზოგადად, ადამიანები რაღაცას ლაპარაკობენ და შეიძლება უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კიდეც, მაგრამ ეს არ გადადის მასობრივ სოციალურ მოძრაობაში. სხვა გამოსავალიც არ აქვთ, რადგან არ იციან, რა გააკეთონ – რუსები რომ არ მოსწონთ, უდავოა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ალტერნატიულ გამოსავალს ვერ ხედავენ, სხვა არჩევანი არ აქვთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგმა დავითაიამ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სეპარატისტულ რესპუბლიკაში საერთოეროვნული მოძრაობის შექმნა ვერანაირ მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება შეკრულია ხაჯიმბას წინააღმდეგ, რაც დამთავრდება მისი დამარცხებით. მეორე მხრივ, დიდ და მნიშვნელოვან მოვლენებს მე არ ველოდები.

“რუსეთის წინააღმდეგ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ქართველების მომხრეები არიან. ჩვენგან მათ ჯერჯერობით არაფერი არ მიუღიათ. არაფრის პაკეტი არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, არ დაიჯერებდნენ,  რადგან წარამარა იცვლებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული”, – ამბობს დავითაია.

პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ სერგეი შამბას რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუ, სადაც აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი “პრემიერი” ამბობდა, რომ საქართველოსთან დიალოგი სურს და “ოპოზიციის” მიერ საერთოეროვნული შტაბის ჩამოყალიბება უბრალო დამთხვევაა.

“მგონია, რომ ეს არ არის ერთი პოლიტიკური პროცესის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი. შამბამ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, საკმარისი დროის გასვლის შემდეგ დაინახა, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია – ქართველები და საქართველო მოსწონს თუ არ მოსწონს, საჭიროა დიალოგი.  მან თავისი პოზიცია გამოხატა და არა მგონია, რომ ეს ორი ფაქტი დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან”, – დასძინა ზაქარეიშვილმა.

დავითაიაც, ასევე, მიიჩნევს, რომ სერგეი შამბას განცხადება საქართველოსთან დიალოგის შესახებ და საერთოეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება სეპარატისტულ რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, დამთხვევაა.

“შამბას განცხადება იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. ინტერვიუს ბოლოს მან თქვა, რომ უნდა მეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება “ორ სახელმწიფოს” შორის. შესაძლოა, რაღაც მომენტში დამთხვევაც იყოს ეს ორი პროცესი. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება”, – თქვა დავითაიამ.

 

წყარო: resonancedaily.con

Share