Home » საზოგადოება » „აფბა“ – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა
„აფბა“ - სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

„აფბა“ – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება.

„აფბას“ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ბაჩო ჯინჭარაძემ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოითხოვა, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს.

მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ბოლო 6 წელს შეეხებოდა (2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდება. თუ 2013 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 21 704 იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 53 932 სტუდენტს შეადგენს. მათი რაოდენობა ორჯერ და მეტად გაზრდილია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ასევე საგრძნობი მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მატება 8751 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეადგენს.

თარიღი შეჩერებულები
2013 21704
2014 28941
2015 34716
2016 37021
2017 45181
2018 53932

მონიტორინგის შედეგად დადგინდა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ.

აღნიშნული გარემოებებია:

  • ფინანსური დავალიანება;
  • საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა;
  • ორსულობა;
  • მშობიარობა და ბავშვის მოვლა;
  • ავადმყოფობა;
  • სხვა მიზეზები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ, 2018 წელს 53 932 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან ფინანსური დავალიანების გამო 20 935 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი; საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 183 სტუდენტს; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 240 სტუდენტს; ავადმყოფობის გამო 155 სტუდენტს, ხოლო 32419 სტუდენტს სტატუსი სხვა მიზეზების გამო აქვს შეჩერებული.

2018 სტატუსის შეჩერება (სხვა მიზეზი) 32419
2018 სტატუსის შეჩერება ავადმყოფობის გამო 155
2018 სტატუსის შეჩერება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო 240
2018 სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 183
2018 სტატუსის შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო 20935

„აფბას“ ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტის სტატუს შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო ასევე მზარდი ტრენდით ხასიათდება.

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ფინანსური დავალიანების შედეგად სტატუსის შეჩერების შემთხვევა 3786 ერთეულით გაზრდილია. 2017 წელს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 17 149 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული.

2017 სტატუსის შეჩერება (სხვა მიზეზი) 27532
2017 სტატუსის შეჩერება ავადმყოფობის გამო 117
2017 სტატუსის შეჩერება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო 187
2017 სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 196
2017 სტატუსის შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო 17149

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევები, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან სტატუსის შეჩერების პროცესში სტუდენტები კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ და სტატუსის შეჩერების მიზეზად უთითებენ კრიტერიუმს „სხვა მიზეზი“, რაც საბოლოო ჯამში უფრო რეალური სურათის დანახვას ართულების იმის თაობაზე, თუ რამდენი სტუდენტი იჩერებს სტატუსს უსახსრობის გამო.

„აფბა“ რეკომენდაციების სახით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და უნივერსიტეტებს მიმართავს.

  • ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის გადახდის მოქნილი გრაფიკის შეთავაზება;
  • ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დაწესებული ჯარიმების გადახედვა;
  • სტუდენტებისათვის, დასაქმების შემთხვევაში შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შეთავაზება;
  • უნივერსიტეტის ბაზაზე, ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დასაქმების შეთავაზება, იმდენად, რამდენაც ეს შესაძლებელი იქნება;
  • ონლაინ სახელმძღვანელოების ბაზის გაზრდა, რომ სტუდენტთათვის ფინანსური ტვირთი შემცირდეს;

Share