Home » ფინანსები » აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციების მოთხოვნით, კამპანიას იწყებს. ასოციაციის პოზიციით, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის მასშტაბურობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მომხმარებლის გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე და თავად ამ კომპანიების აგრესიული მარკეტინგული კამპანია.

რეალურად, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო პროდუქტი უძვირესია და, ხშირ შემთხვევაში, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1000%–ს აღწევს. გარდა ამისა, არაადეკვატურად მაღალია საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში არსებული საურავები და სხვა სანქციები. კიდევ ერთი პრობლემაა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების ურთიერთობის ფორმები პრობლემურ კლიენტებთან, ამ ტიპის კლიენტების მიმართ, უმრავლეს შემთხვევაში, ხორციელდება შანტაჟის ნიშნების შემცველი მუქარა, ასევე, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის ფაქტები და, ზოგადად, მოქალაქეთა პატივის და ღირსების შემლახავი ფორმები.

ასოციაციის პოზიციით, ზემოთხსენებული ფორმებით ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, იწვევს კონკრეტული ოჯახების გაკოტრებას და პიროვნულ ტრაგედიებს. ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმართლებელია თავისი ეკონომიკური მნიშვნელობითაც, 1000%–იანი საპროცენტო განაკვეთის მქონე პროდუქტი არ შეიძლება იყოს ეკონომიკაში რაიმე პოზიტიური ეფექტის მომტანი, პირიქით, თუ მსგავსი საკრედიტო პროდუქტებით დამწყები ან მიკრო მეწარმე ისარგებლებს, მისი გაკოტრების შანსი იზრდება. მსგავსი ფაქტები ჩვენს რეალობაში უხვადაა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს:

  • აუცილებელია ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მთელი ციკლი მოექცეს რეგულაციებში
  • სახელმწიფომ, მთავრობამ უნდა გაიაზროს ამ სექტორის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზანშეწონილობა
  • საზოგადოებამ უარი უნდა თქვას უძვირეს საკრედიტო პროდუქტებზე და უარი თქვას ონლაინსესხების კომპანიების მომსახურებით სარგებლობაზე
  • პრობლემურმა მსესხებლები არ უნდა შევიდნენ ურთიერთობაში ე.წ. ამომღებ კომპანიებთან, კოლექტორებთან და მაქსიმალურად უნდა სცადონ მათი საქმეების ცივილურ სივრცეში, სასამართლოში გადატანა
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობის შინაარსი, რომელიც მრავალმხრივ კანონდარღვევას შეიცავს და უნდა დაიწყოს ადამიანის უფლებების კონკრეტული დარღვევების გამოძიება

ამ შედეგების მისაღწევად, აფბა იწყებს მრავალმხრივი მიმართულების საქმიანობას, რომლიც მიზანი არის ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისარსებული ფორმებით  საქმიანობის შეზღუდვა.

Share