Home » ეკონომიკა » ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება
ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლება ადგილობრივი და მცირე ავიაციის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომები, როგორიცაა: ამბროლაურის აეროპორტი – ინვესტიცია 14 მილიონი ლარი; მესტიის აეროპორტი – ინვესტიცია 20 მილიონი ლარი; მთავრობას აგრეთვე დაანონსებული აქვს ადგილობრივი აეროპორტების მშენებლობა ახალქალაქში, თუშეთში, ზუგდიდსა და ომალოში.

აღნიშნული პროექტების პარალელურად, გვაქვს სურათი, სადაც ადგილობრივი საავიაციო კომპანიები ვერ ვითარდებიან. ერთადერთი ავიაკომპანია, “სერვისეირი”, რომელიც ადგილობრივ სამგზავრო ფრენებს ნატახტარის აეროდრომიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს, სახელმწიფო სუბსიდირებაზეა. რადგან ავიაციის ეს მიმართულება არსებული რეალობიდან გამომდინარე წამგებიანია, სხვა ავიაკომპანია ადგილობრივი ფრენების მიმართულებით, ინტერესს არ გამოხატავენ. ქართული ავიაკომპანიებისთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტში არსებული მაღალი საგადასახადო პოლიტიკის გამო არ არის მიმზიდველი.

დარგის განუვითარებლობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სპეციალისტები საწვავის ღირებულებას და დამატებითი გადასახადების არსებობას ასახელებენ. საერთაშორისო ფრენებისას ავიაკომპანიები განუბაჟებელ საწვავს ყიდულობენ და დღგ-ს 18%-ს არ იხდიან, თუმცა ადგილობრივი ფრენებისთვის, ავიაკომპანია იძენს საწვავს, რომელსაც დღგ-ს 18%-ანი გადასახადი ემატება, პლიუს აქციზის გადასახადიც.

მაგალითისთვის, თუ საერთაშორისო ფრენებისას ავიაკომპანიები განუბაჟებელ საწვავს ყიდულობენ და დღგ-ს არ იხდიან მათთვის ტონა საწვავის ფასი საშუალოდ 1 000 ლარია, ხოლო როდესაც ავიაკომპანია ადგილობრივ ფრენის შესასრულებლად იძენს საწვავს, მის თვითღირებულებას ტონაზე ემატება აქციზის გადასახადი (ტონაზე 440 ლარი, როდესაც, საშუალოდ, ტონა საწვავი 1000 ლარია) და პროდუქტის მთლიანი ღირებულების 18% დღგ-ც.

შესაბამისად, ავიაკომპანიისთვის საერთაშორისო რეისი კომერციულად ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ადგილობრივი. მეტიც, ადგილობრივი აეროპორტები ისეთ სოციალურ მიზანს ემსახურება როგორიცაა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრება. ამიტომ, როგორც წესი, ინვესტორებისთვის აღნიშნული მიმართულება საინტერესო არაა.

ამ არაკონკურენტუნარიანი პირობების აღმოსაფხვრელად, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენებს შორის საწვავის ღირებულებას ეხება და ხელს უშლის შიდა და მცირე ავიაციის განვითარებას, გასულ კვირას პრემიერმა კვირიკაშვილმა დააანონსა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება საავიაციო საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვლნილი.

“შიდა ავიაცია სუბსიდირებადი დარგია. ამისთვის ჩვენ დღგ–სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი, ბორდზე მისაწოდებლად საჰაერო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურეობის გასაწევად”, – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით, ადგილობრივი ფრენების ღირებულებას სახელმწიფო ასუბსიდირებს. ცვლილების შემდეგ, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მოსალოდნელია ფასების შემცირება ადგილობრივ ფრენებზე. ფასების შემცირებამ კი ადგილობრივ ფრენებზე მოთხოვნა უნდა გაზარდოს, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი ავიაციის განვითარების წინაპირობაა.

შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფების შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიც აცხადებს. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საქართველოს მთავრობის ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ნაწილია შიდა ავიაციის წახალისება.

ჩოგოვაძის განმარტებით, მთავრობის ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით უფრო იაფი რეისების განხორციელებას და ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საფრენი აპარატები და ტურისტული დანიშნულების ვერტმფრენები. გარდა საწვავისა, აღნიშნული გადასახადი, რომლისგანაც თავისუფლდება შიდა ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანია, ვრცელდება საზეთ-საპოხ მასალებზეც, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარენ საფრენი აპარატები, განსაკუთრებით ვერტმფრენები.

ადგილობრივი ფრენებისთვის, როდესაც ავიაკომპანია ადგილობრივი ფრენის შესასრულებლად იძენს საწვავს, მის თვითღირებულებას ტონაზე საშუალოდ 1000 ლარს (ფასი არის პირობითი და მუდმივად ცვალებადი) ემატება აქციზის გადასახადი ტონაზე 440 ლარი და პროდუქტის მთლიანი ღირებულების 18% დღგ. ანუ ბიუჯეტს ერთი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას, რომლის დროსაც ტონა საწვავის გამოყენების შედეგად, საშუალოდ 620 ლარი შესდიოდა, მისი გაუქმების შედეგად აღარ შეუვა.

სხვა საკითხია, რა ინტენსივობით შესრულდება ადგილობრივი ფრენები, რადგან მოსალოდნელია ბილეთების ფასების შემცირება, რაც გაზრდის მოთხოვნას. გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში კი შესაძლებელია ფრენების რაოდენობის გაზრდა.

ასევე, აუცილებელია მაღალი კონტროლის დაწესება იმ საწვავზე, რომელიც ადგილობრივი ფრენების განსახორციელებლად იქნება შესყიდული. რადგან ის განთავისუფლებეული იქნება დღგ-სგან და აქციზის გადასახადისგან, შესაძლოა, რომ არამართლზომიერი მოხმარების მიზნით იქნას გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას “სერვისეირი”, რომელიც ადგილობრივ ფრენებს ახორციელებს, კონტრაქტის ვადა ეწურება და მომავალი სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე სახელმწიფომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი ტენდერი ითვალისწინებს მომავალი 3 წლის განმავლობაში ფრენების სპექტრს, მათ შორის რაჭა-ამბროლაურის მიმართულებით.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ ზაფხულის სეზონამდე უკვე ყველა ფრენა დაგეგმილია.

“შიდა ფრენებს ჩვენ ვახორციელებთ მესტიის მიმართულებით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით, ასევე ამბროლაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონამდე გრაფიკის მიხედვით არის გაწერილი და არცერთ რეისს საშიშროება არ ემუქრება. ტენდერის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა დღგ-ს გარეშე. თუმცა, ვაჭრობის ფასი როგორც იქნება ვერ გეტყვით, ამას გამოაკლდება ბილეთების რეალიზაციის ფასი”, – ამბობს ალექსიძე.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share