Home » ახალი ამბები » აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ
აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ

აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ. პრესტურის ფარგლებში, 11-15 მაისს, ისინი რეგიონს სტუმრობენ და მის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურისას ძირითადი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება.

შესაბამისად, ბელარუსში პოპულარული ტელეარხების ONT, CTC გადამღები ჯგუფები ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად მაღამთიან აჭარას ეწვევიან, სადაც საოჯახო სახლებში აჭარული კერძების მომზადებას გაეცნობიან. მათ ობიექტივში ასევე მოხვდება ადგილობრივი წარმოების ღვინო, მახუნცეთის ჩანჩქერი, მაჭახელა და  აჭარული ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან. ქალაქში ყოფნისას ჟურნალისტები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასაც გადაიღებენ. ისინი რეგიონს 15 მაისს დატოვებენ.

პრესტურის შედეგად აჭარული და ზოგადად ქართული სამზარეულოს შესახებ მომზადებული ტექსტური, ფოტო-აუდიო მასალები და რეცეპტები  განთავსდება სპეციალურ კულინარიულ გზამკვლევში, რომელიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „gobatumi.com” განთავსდება. გზამკვლევი საშუალებას მისცემს ტურისტებსა და საიტის ვიზიტორებს გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, დაგეგმონ გასტრო ტურები აჭარისა და ზოგადად საქართველოს მიმართულებით.

Share