Home » ბიზნესი » “აჭარის სამორინეები, ძირითადად, თურქ გეიმერებზეა ორიენტირებული”
“აჭარის სამორინეები, ძირითადად, თურქ გეიმერებზეა ორიენტირებული”

“აჭარის სამორინეები, ძირითადად, თურქ გეიმერებზეა ორიენტირებული”

 

ბათუმში ახალი სამორინე გაიხსნა, კაზინო campione სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა და ის სხვა კაზინოებისგან განსხვავებით, ბუტიკის სტილისაა, campione იტალიური კომპანია dicampione-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც იტალიაში ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. გვესაუბრება კაზინო campione–ს საზოგადოებასთან ურითერთობის და მარკეტინგის მენეჯერი მირზა სვანიძე.

– თქვენი კაზინო ბათუმში სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა, ვინ არის  ინვესტორი, რა ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტში და გეგმავთ თუ არა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას იმავე ან სხვა სექტორებში?

– კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მფლობელები  ქართველები არიან, ხოლო მენეჯმენტს თურქული მხარე ახორციელებს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ბრენდული ბიზნესოპერატორებისგან, რომ მენეჯმენტში შევიდეთ. შეიძლება ითქვას, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. სამომავლოდ ვფიქრობთ   ქსელის გაფართოებას და არა მხოლოდ აჭარის რეგიონში.

– სათამაშო ბიზნესი რეგიონში სულ უფრო პოპულარული ხდება. რატომ არის ასე მიმზიდველი ამ სექტორში საქმიანობა და რა მოლოდინები გაქვთ უახლოეს პერსპექტივაში?

– მიმზიდველია, რადგან თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნიდან ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი ინვესტორი შემოვიდა, რათა სწორედ ამ ბიზნესში ჩაედოთ ინვესტიცია. დღეისთვის ჩვენს რეგიონში დაახლოებით ათი სამორინე მოქმედებს. ბოლო სამორინეები, რომელიც გაიხსნა რეგიონში იყო “ლეოგრანდი” და “კაზინო კამპიონე”, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან სამორინეების მოყვარულთა შორის. სამორინეების ბიზნესის შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს სეზონურობა, ვინაიდან, მოგეხსნებათ, ბათუმში სულ რაღაც 3 თვეა ტურისტული სეზონი. სამორინეების უდიდესი ნაწილი სწორედ ზაფხულის პერიოდში მუშაობს მთელი დატვირთვით. ზაფხულის შემდეგ შედარებით იკლებს მუშაობა, თუმცა, გარკვეული კატეგორია მაინც სტუმრობს ხოლმე სამორინეებს. ამ კუთხით, შემიძლია გამოვყო თურქეთი, საიდანაც სეზონის გასვლის შემდეგაც საკმაოდ დიდი ნაკადი შემოედინება.

– ქვეყნის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეს სექტორი ვერ იქნება მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებული, ვინ არიან თქვენი პოტენციური კლიენტები?

– რაც უფრო მეტი კაზინო გაიხსნა რეგიონში, ადგილობრივი მოთამაშეები უფრო შემცირდნენ, რადგან ადგილობრივი გეიმერები გადანაწილდნენ ახალგახსნილ კაზინოებზე. შესაბამისად,  კაზინოებს მოაკლდათ ქართველი გეიმერების რაოდენობა. პოტენციურ გეიმერად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რჩება თურქეთი. ახლა ახალი აქტივობები იგეგმება პრომოუშენის თვალსაზრისით. თურქეთშიც კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც რეკლამა აღარ იზღუდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო გაიზრდება თურქეთიდან გეიმერების შემოდინება რეგიონში.

– რეგიონში სათამაშო ბიზნესში მაღალი კონკურენციაა, რა მარკეტინგული გადაწყვეტილებებით ახერხებთ კლიენტებთან წარმატებულ ურთიერთობას?

– პირველ რიგში, ჩვენ ვინარჩუნებთ იტალიურ კლასიფიკაციას. ჩვენს კაზინოში ის სინთეზი და პირობებია შექმნილი, რაც იტალიურ კაზინოებშია. ორიენტირებულები ვართ მომსახურების დონის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან ამ კუთხით არის ხარვეზები. ჩვენი დევიზია, – “მაქსიმალური კომფორტი კლიენტებს”. ჩვენ გვინდა შევქმნათ ჰარმონიული გარემო, რათა ახალი კლიენტები მოვიზიდოთ. ჩვენი სამორინე, როგორც აღვნიშნე, ბუტიკის სტილისაა, თუმცა, სავსებით აკმაყოფილებს იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე სათამაშო ბიზნესშია. დაწყებული აპარატებითა და “ლაიგეიმებით”, დამთავრებული სისტემებითა და პროგრამებით.

– რა არის კაზინო campione-ს მთავარი უპირატესობები რეგიონში არსებულ სხვა კაზინოებთან შედარებით?

პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს მოქნილი შეთავაზებები. ჩვენ ამას ვეძახით “ჯანკეთს ფეკეჯს”. ორიენტირებულები ვართ კლიენტებზე. კაზინო “კამპიონე” არის გასართობი კომპლექსი, სადაც  ინტეგრირებულია “ვერანდა დიკამპიონე”. აქ ყოველდღიურად  ლაივ კონცერტები იმართება. გვაქვს “კაზინო ნაითები”, არ აქვს არცერთ სხვა სამორინეს ბათუმში. ასევე გვაქვს რესტორანი, სადაც გეიმერებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული და ევროპული კერძები.

პაატა ბაირახტარი

Share