Home » ეკონომიკა » 94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს
94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

კონსტიტუციის პროექტის განხილვა ნელ-ნელა მწვავდება. განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის უცხოელებზე გაყიდვა და 94-ე მუხლი (თავისუფლების აქტი) იწვევს, რომლის თანახმადაც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს,  გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია გადასახადების სახეცვლილებაც, მაგალითად პროგრესული გადასახადის შემოღება ან სხვა. რეფერენდუმზე გატანილ უნდა იქნას მხოლოდ გადასახადის ზრდის შესახებ მოთხოვნა და არა მის სახეცვლილებაზე. ამასთან, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს, შესაბამისად საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში ფაქტობრივად ნულია, თუ იმას გავითვალიწინებთ, რომ კანონით რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ჩვენ კი დღეისათვის ვერ ვაკონტროლებთ ქვეყნის ორ რეგიონს, რომელიც ოკუპირებულია, შესაბამისად კანონიერად რეფერემდუმის ჩატარებაც შეუძლებელია.

საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, 94 მუხლის კონსტიტუციაში დატოვებით შეუძლებელია ქვეყენაში შემოვიღოთ პროგრესული გადასახადები (პროცენტულად ღარიბი ნაკლებს იხდის, მდიდარი ბევრს), რომელიც საზოგადოებაში უთანასწორობის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. მაშინ როცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დაწყებული აშშ-თი და დიდ ბრიტანეთით, გერმანია, საფრანგეთით დამთავრებული ყველგან პროგრესული გადასახადები მოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო მემარცხენეობასთან და თან რადიკალურ მემარცხენეობასთან. ბოლო პერიოდში მემარცხენეების აქტიურობამ ცუდი სამსახური გაუწია ამ მუხლის გაუქმებას, ხდება თემის ისე წარმოჩენა თითქოს რადიკალი მემარცხენეები ითხოვენ ამ მუხლის გაუქმებას რათა გადასახადები გაიზარდოს, ეს ტყუილია. ამ ლოგიკით რომ ვისმჯელოთ მთელი განვითარებული მსოფლიო რადიკალი მემარცხენეები ყოფილან. თუ ეს ჩანაწერი არ იქნა ამოღებული, დღეს არსებული სიტუაციით შესაძლებელია მხოლოდ აქციზის გადასახადის ზრდა, რაც არის არაპირდაპირი გადასახადი და მას იხდის მოსახლეობა. მისი ზრდა დიდად არ აწუხებს შემოსავლიან საზოგადოებას და ურტყავს გაჭირვებულ ნაწილს. შესაბამისად, დღეს არსებული მდგომარეობით დაცულია მსხვილი ბიზნესი და მაღალი შემოსავლების მქონე საზოგადოება.

გასულ კვირაში მთავრობას 94 მუხლის დატოვების შესახებ მსხვილმა ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს და გავრცელებულ განცხადებაში იმაზე ისაუბრეს თუ რა მნიშვნელოვანია ამ შეზღუდვის კონსტიტუციაში დატოვება. ეს არც იყო გასაკვირი, რომ მსხვილი ბიზნესმენები მის ამოღებას ყველანაირად შეეწინააღდეგებიან, რადგან დღევანდელი საგადასახადო პოლიტიკის ისინი მცირე მეწარმეებთან შედარებით თავს კომფორტულად გრძნობენ. მსხვილი ბიზნესგაერთიანებების განცხადებას, მეორე დღესვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიჰყვა.

„ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება – მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 8 არასამთავრობო აწერს ხელს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს რეფორმების ასოციაცია. აღსანიშნავია, რომ ამ 8 არასამთავრობოდან მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ითვლება ეკონომიკური პროფილის NGO-ებად, შესაბამისად სხვების მხირდან მოულოდნელიც იყო ამ საკითხზე მათი პოზიციის დაფიქსირება.

„თავისუფლების აქტის“ დამცველებს მალევე გამოხმაურნენ მისი გაუქმების მსურველი 25 ორგანიზაცია, რომელთა შორისაა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”; გაზეთი „ბანკები და ფინანსები“; „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, „აუდიტორია 115“ და ა.შ. კამპანია „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“ წევრებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და სხვა ორგანიზაციები ღია დისკუსიაში გამოიწვიეს.

„თავისუფლების აქტის“ გარშემო დისკუსიაში ბიზნესმენებიც ჩაერთნენ და არც ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან დაიხიეს უკან.

“სახელმწიფოსთვის საგადასახადო საკითხების განკარგვის შეზღუდვა წარმოადგენდა აქტს მოეკლათ საქართველოში ნორმალური ევროპული სოციალ დემოკრატიის განვითარება. 94-ე მუხლი არაა ნორმალური და არც მისაღები. ასეთი ჩანაწერი არც-ერთ კონსტიტუციაში არ არსებობს. ელიტების მიერ 2012 წლამდე ნორმების მუდმივი გადაჭარბება არ უნდა წარმოადგენდეს მომავლის ნიმუშს. 94-ე მუხლის ამოღების ოპოზიციაში ჩადგომით ბევრი ბიზნეს გაერთიანება ზედმეტად შორს წავიდა. ბიზნეს ინვესტიციებისთვის პრიორიტეტულია შესაძლებლობების არსებობა. რამდენადაც საქართველო ვითარდება, როგორც რეგიონალური ჰაბი ჩინეთსა და ევროპას შორის, ინფრასტრქტურაში სახელმწიფო ინვესტიციებისთვის აუცილებელია მოქნილი მიდგომა. აუცილებელია სოციალური პროგრამების – განათლების, ჯანდაცვის და საპენსიო სისტემების რეფორმირება, თუ ჩვენ ვაპირებთ განვვითარდეთ, მაღალი ხელფასების მქონე მაღალ ტექნოლოგიურ, ეკონომიკად….”

“საზოგადოებრივი განვითარება და ეკონომიკის განვითარება მუშაობს ერთად. ეს არის ევროპული ლოგიკა, გამოცდილება და ღირებულებები. ბიზნეს ასოციაციების განცხადება იყო შეცდომა. ვაკე არ არის საქართველო. მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში სადაც რეგიონებში ხალხს არ აქვს ნორმალური ხელფასი ან განათლება. როცა ყველა ბიზნეს ასოციაცია საუბრობს ერთ ხმაზე, რაღაც არ არის ნორმალური. ჩვენ გვჭირდება ახალი ხმა, რომელსაც აქვს ევროპული ტონი და ღირებულებები. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. საქართველო უნდა იყოს ევროპული,” – წერს საკუთარ Facebook გვერდზე ბიზნესმენი და “ევროპის ბიზნეს ასოციაციის” დირექტორი დევიდ ლი.

დევიდ ლის ფადი ასლი გამოეხმაურა, – „ყველაზე სულელური ანალიზი რაც კი მომისმენია დღემდე, რომ არსებობდეს ნობელის პრემია სისულელეში, სწორედ ეს მიიღებდა. მთლიანად მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას“ – აღნიშნავს ფადი ასლი საკუთარ Facebook-ზე.

საყურადღებოა, რომ ახლოვდება ახალი კონსტიტუციის პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვენების დრო და შესაბამისად იმატა დაძაბულობამ ამა თუ იმ საკითხის გარშემო. როგორც კულუარული ინფორმაციებით ხდება ცნობილი, ვენეციის კომისია 94 მუხლის ამოღებას უჭერს მხარს და სწორედ ამას შეიძლება მივაწეროთ მსხვილ ბიზნესმენთა და არასამთავრობოების ნაწილი ბოლო პერიოდში გააქტიურება „თავისუფლების აქტის“ დასაცავად. აქვე ავღნიშნავ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე მიმართა მთავრობას რეკომენდაციით გააუქმოს ზემოთ აღნიშნული მუხლი. ჯერ კიდევ უფნობია რა გადაწყვ ეტილებას მიიღებს ხელისუფლება, თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი საგადასახადო პოლიტიკით მოსახლეობის გაჭირვებული ფენა ზარალდება, ხოლო შეძლებული თავს კომფორტულად გრძნობს. შესაბამისად ისინი ყველანაირად ეცდებიან არ დაუშვან 94 მუხლის გაუქმება. თუმცა თუ ხელისუფლებას სურს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება, აუცილებლად უნდა მოხდეს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან „თავისუფლების აქტის“ ამოღება, რადგან იგი არათუ თავისუფლების არამედ შეზღუდვების დამწესებელი ჩანაწერია.

მერაბ ჯანიაშვილი
bpi.ge

Share