Home » ეკონომიკა » 90-იანი წლების ეკონომიკა – ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება
90-იანი წლების ეკონომიკა - ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

90-იანი წლების ეკონომიკა – ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

1991 წლის აპრილში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ქვეყანა ეკონომიკურად კვლავ რუსეთთან იყო მიჯაჭვული –  არ გვქონდა საკუთარი ეროვნული ვალუტა, პროდუქტის დიდი ნაწილი, ასევე ნედლეული რუსეთიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან შემოგვქონდა, სათადარიგო ნაწილების, ბენზინისა და საწვავის მისაღებად წარმოება მთლიანად დამოკიდებული იყო სხვა რესპუბლიკებზე. 

1989 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 25% შემოტანილი იყო, ისევე როგორც ბუნებრივი აირი და თხევადი საწვავი. იმპორტირებული იყო რძის პროდუქტების, ხორცის, შაქრისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველო ვერც ადრინდელი მოცულობის პროდუქციას აწარმოებდა და ვეღარც იმპორტი შემოჰქონდა.

ქვეყნის მთავრობამ  გამოსავლის ძიება ე.წ. „შოკური თერაპიის“, ანუ რადიკალური პოლიტიკის გატარებით დაიწყო. ფასებზე მოიხსნა სახელმწიფო კონტროლი, შედეგად მივიღეთ ის, რომ სამომხმარებლო პროდუქტები 68-ჯერ გაძვირდა, პურის ფასი კი 100-ჯერ გაიზარდა. 1991 წლიდან დაიწყო ჰიპერინფლაცია – პროდუქტი გაძვირდა 75,3%-ით, 1992 წელს – 746%-ით, 1993 წელს – 1037%, 1994 წელს – 7741% -ით. საქართველოს მთავრობამ მხოლოდ 1995 წლიდან შეძლო ინფლაციის შეჩერება.

ენერგეტიკული კრიზისი 

საქართველო ბუნებრივ აირს თურქმენეთიდან იღებდა. 1993 წლიდან მოსახლეობიდან და წარმოებიდან გაზის საფასურის ამოღება შეუძლებელი გახდა. ბიუჯეტის ფული კი სხვა მიმდინარე ხარჯსაც ვერ წვდებოდა, დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარზე მიდიოდა.

თურქმენეთმა დიდი რაოდენობის დავალიანების გამო საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. შემცირდა ელექტროენერგიის წარმოებაც, შეფერხდა ენერგოობიექტების მშენებლობა.  ენერგეტიკულმა კრიზისმა პიკს მიაღწია. არადა, ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, საწარმოების ნაწილი, განსაკუთრებით პურის ქარხნები, ელექტროენერგიის მოხმარებაზე იყო გადასული.

საქართველოში 1990 წლიდან მოყოლებული ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება მკვეთრად შემცირდა. 1994 წელს ქვეყანაში წარმოებულ იქნა მხოლოდ 7 მლრდ. კვტ.სთ. ანუ 1989 წელს მიღწეული მაქსიმალური დონის 43%. 1994 წელს ელექტროენერგიის წარმოების დონე კი 1968 წლის მაჩვენებლამდე დაეცა. ენერგეტიკოსების კვლევების მიხედვით, ამ სფეროში ქვეყანამ მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნით უკან დაიხია. ასევე, 1950 წლის  მაჩვენებლამდე შემცირდა თბოსადგურებში ელექტროენერგიის წარმოება, ძირითადად, მუშაობდა მე-9, მე-10 ენერგობლოკები, რომლებიც ხშირად ითიშებოდა.

ჯართად ქცეული საწარმოები

ქართული მრეწველობა მაქსიმალურად იყო შერწყმული საბჭოთა მრეწველობასთან. საქართველო ითვლებოდა სამხრეთული და  სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ქვეყნად. თუმცა სისტემის დაშლის შემდეგ სუბტროპიკულ კულტურებს იოლად გამოუჩნდა ჩამნაცვლებელი, ხოლო ჩვენთვის აუცილებელი ნედლეულის შემოტანა, მაგალითად, ნავთობპროდუქტების, ქვეყანას გაუჭირდა. ჩაიკეტა სატრანსპორტო კომუნიკაციები დანარჩენ სამყაროსთან და საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა კოლაფსურ მდგომარეობაში. წარმოებები ერთი მეორეს მიყოლებით გაჩერდა, ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩენილი  მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, დაზგები, ჩარხები ჯართის სახით იყიდებოდა. 

თუ ეკონომიკური მსხვერპლით შევაფასებთ, საქართველომ გაიარა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გზა იმ 30-მდე სახელმწიფოს შორის, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდნენ. სოფლის მეურნეობას, რომელსაც გააჩნდა 30 ათასამდე ტექნიკა, მათ შორის კომბაინები, სატვირთო ტრაქტორები, ან დაიშალა და გაიძარცვა, ან ჯართის სახით უცხოეთში გაიყიდა. მთლიანობაში სახეზე იყო ეკონომიკური კოლაფსი.

ამასთან, საბჭოური რუბლი და ახალგამოშვებული რუსული რუბლი კვლავ რჩებოდა საქართველოში და ქვეყანას არ გააჩნდა საკუთარი მონეტარული სისტემა. თუმცა, უკვე 1992 წლის მეორე ნახევრიდან შეუძლებელი გახდა მოსკოვიდან საჭირო რაოდენობის რუბლის ბანკნოტების  შემოტანა, რის გამოც ხელფასი და პენსია მოსახლეობის დეპოზიტებიდან გაიცა, ისიც – საკმაოდ დაგვიანებით.

1 პური = 150 000 კუპონი

ასეთ ვითარებაში,  საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღო დროებითი ფული – კუპონი. პარალელურად, მიმოქცევაში დარჩა რუსული რუბლი, რის გამოც კუპონი განწირული აღმოჩნდა. ეკონომისტების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ვერ მოახერხა კუპონის მიმოქცევის კონტროლი და მოხდა მისი ძლიერი დევალვაცია, პურის ფასმა 150 000 კუპონს მიაღწია, ყოველთვიური ინფლაცია კი 1993-1994 წლებში  60-70%- მდე გაიზარდა.

1993 წლის 5 აპრილს ერთი დოლარი 1000 კუპონი ღირდა, პირველ ივლისს 4800 კუპონი, 12 ოქტომბერს – 12624 კუპონი, 1994 წლის პირველ იანვარს 102 300 კუპონი, პირველ სექტემბერს ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2,5 მილიონი კუპონი იყო, გადამყიდველები კი მას 5 მილიონ კუპონად ყიდდნენ. ამ დროიდან, კუპონმა საბოლოოდ დაკარგა ნდობა და გამოიდევნა ანგარისშწორების არხებიდან. ვინაიდან კუპონი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, რუბლის გამოყენება გაიზარდა. ამ პერიოდში პენსია ამერიკული 10 ცენტის ეკვივალენტს, ხოლო საშუალო ხელფასი – დოლარნახევარს შეადგენდა. ქვეყანას ბიუჯეტი, ფაქტობრივად, არც ჰქონდა. მიმდინარე ხარჯების გასაცემად სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოიცემოდა დეკრეტები, პირველად წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1995 წელს დამტკიცდა.

ლარს ფოთის პორტიდან ეროვნული ბანკის საცავებამდე უშიშროება აცილებს

1993 წელს კი რუსეთმა თავისი ბანკნოტები სრულიად გაიტანა საქართველოდან, რის შემდეგაც აშკარა გახდა საკუთარი ეროვნული ვალუტის გამოცემის აუცილებლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსაღებად 1993 წლიდან ემზადებოდა და ამ პროცესში მთელი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები ინტენსიურად იყო ჩართული. საფრანგეთში მოჭრილი ლარის ფულის ნიშნები ფოთის პორტში კი 1995 წლის 27 აგვისტოს შემოვიდა. გადმოტანა-დაბინავების ოპერაცია დაევალა ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონულ ფილიალს. ოპერაცია ზუსტად გათვლილ დროში ჩატარდა და 28 აგვისტოს ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონულ ფილიალში 75 ტონა ლარის ფულადი მასა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დაბინავდა და მომზადდა მიმოქცევაში გასაშვებად.

1995 წლის 25 სექტემბერს უნაღდო ანაგარიშსწორებაში შევიდა ლარი. იმ პერიოდში ერთი დოლარი 1,30 ლარს უდრიდა და ეროვნულმა ვალუტამ ასეთი  სტაბილურობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.

1995 წლიდან  გამოჩნდა სტაბილიზაციის პირველი ნიშნები და ეკონომიკამ  უკუსვლის ნაცვლად, წინსვლა დაიწყო. შედარებისთვის, ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში  71 თვე, ანუ  თითქმის 6 წელი გასტანა, მაგალითად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდი  ესტონეთში 27 თვის განმავლობაში, ხოლო პოლონეთში  25 თვის განმავლობაში გაგრძელდა. 

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკას სოციალიზმიდან კაპიტალიზმისკენ ტრანსფორმაცია (სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით) საომარ პროცესებში უწევდა. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან რეფორმებს ჯერ 1918-1921 წლებში ჩაეყარა საფუძველი. მართალია, მაშინ დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა საქართველომ ძალიან მცირე ხნით იარსება, მაგრამ  იმ პერიოდში შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანკი, კონტროლის პალატა, სტატისტიკის ორგანო. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა  საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები. ინსტიტუციონალური რეფორმები მემკვიდრეობით გადავიდა უკვე პოსტსაბჭოთა საქართველოში და დღემდე გრძელდება.

წყარო: 1tv.ge

Share