Home » საზოგადოება » -80 გრადუსიანი ვაქცინით ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება

-80 გრადუსიანი ვაქცინით ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, -80 გრადუსიანი ვაქცინის მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამიტომ ამ ტიპის ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისში განხორციელდება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გადავიდეთ, როგორ მოხდება ვაქცინაცია და სად მოხდება… -80-იან ვაქცინას სჭირდება უფრო კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამდენად ჩვენი მიზანია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია სამ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისში, დიდ საავადმყოფოებში განხორციელდეს.

როგორც გითხარით ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი გამართულია, იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს. გასათვალისწინებელია აქ ორი ძირითად ფაქტორი, ერთი ის, რომ ჰოსპიტლები შეირჩა უკვე და პერსონალის ინფორმირება მიმდინარეობს, რომ მოემზადონ. ვფიქრობთ ასევე, მობილური ბრიგადების მობილიზებაზე. თუ გადავალთ და რაიონულ სოფლის ვაქცინაციაზე ვისაუბრებთ, ვფიქრობთ, დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. გეგმაში გაწერილია აბსოლუტურად ყველაფერი რა რესურსი სჭირდება ამას, თითოეულმა ბრიგადამ დღის განმავლობაში, რამდენი ადამიანის აცრა შეიძლება მოახერხოს. ასევე ვაქცინაციის პროგრამა იქნება ძალიან ინტენსიური.

გეგმაში ასევე დეტალურადაა განსაზღვრული ერთ-ერთი საკითხი – ადამიანური რესურსის ტრენინგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თავად მოგვაწოდა, გაიდლაინები და სასწავლო მასალა, რითიც უნდა გადამზადდეს აცრის კაბინეტის პერსონალი, ასევე ექიმები. ზოგადად, ყველა ეპიდემიოლოგი, რომელიც მოსახლეობასთან იმუშავებენ, იმისთვის რომ მოიზიდოს ისინი ვაქცინაციის პროგრამაში”, – განაცხადა გაბუნიამ.

Share