Home » საზოგადოება » 8.4 მილიონად ნაყიდ მიწაზე მერიამ ეროვნულ ბანკს ოფისის მშენებლობის უფლება არ მისცა

8.4 მილიონად ნაყიდ მიწაზე მერიამ ეროვნულ ბანკს ოფისის მშენებლობის უფლება არ მისცა

8.4 მილიონ დოლარად ნაყიდ მიწის ნაკვეთზე ეროვნული ბანკი სათავო ოფისს ვერ ააშენებს. „კომერსანტმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასაშვები არ არის. ამის შესახებ, კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ ახალი სათავო ოფისის პროექტი შეიძინა, ხოლო შემდეგ ხელშეკრულება შეწყვიტა.

ცენტრალურ ბანკში დღეს განმარტავენ, რომ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ქონება გამყიდველს დაუბრუნდა. მათი ინფორმაციით, 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ თუ სებ-ი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 თვის ვადაში ვერ მიიღებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის ნებართვას, ქონება გამყიდველს თავისივე ხარჯით დაუბრუნდებოდა.

„ხელშეკრულების თანახმად, ქონების საფასურის გადახდა დამოკიდებული იყო უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან სათანადო ნებართვის მიღებაზე, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან თანხის გადახდა არ განხორციელებულა და ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყო ქონების გამყიდველისათვის დაბრუნების პროცესი და შესაბამისად, ქონება გამყიდველს დაუბრუნდა“, – განმარტავენ სებ – ში.

ცვლილება ოფიცალურად აისახა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი „სითი ცენტრს“ მიმდინარე წლის 15 მარტს დაუბრუნდა.

 

შეგახსენებთ, რომ საინჟინრო პროექტის შესარჩევ ტენდერში მონაწილეობა სულ ხუთმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულ ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიასთან ხელშეკრულებას სებ-ის პრეზიდენტმა ხელი 2019 წლის 28 ნოემბერს მოაწერა. ხოლო 2020 წლის აპრილში კობა გვენეტაძემ კომპანიის დირექტორს წერილი მისწერა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდა:

„საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GLMV Architecture Inc- ს შორის 2019 წლის 28 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გაცნობებთ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი უარყოფილი იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 თებერვალს. ამგვარად , ეს გადაწყვეტილება გამორიცხავს ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GLMV Architecture Inc- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა იქნეს გაწყვეტილი 30 დღის ვადაში“,- ნათქვამია კობა გვენეტაძის მიერ გაგზავნილ წერილში.

 

 

„კომერსანტი“ დეტალურად მოგიყვებათ, თუ რა გახდა 2.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს კობა გვენეტაძემ 2019 წლის 23 დეკემბერს მიმართა და ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცება მოითხოვა. საპროექტოდ გათვალისწინებული იყო 9 სართულიანი, ოფისის მშენებლობა, მიწისქვეშა 2 სართულიანი პარკირებით, რომელიც 200 ავტომანქანაზე იქნებოდა გათვლილი.

თუმცა, 2020 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, ირკვევა,  2019 წელს დამტკიცებული გეგნგეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივ საქმიან ზონასთან ერთად ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2 სტატუსი. იმავე, რუკის მიხედვით ტერიტორია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში ხვდება, სადაც ავთენტიკური სახით შემორჩენილია ისტორიული განაშენიანების, კულტურული ღირებულების მქონე უძრავი ობიექტები.

კახა კალძის ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე ვრცელდება გეოდინამიკური საფრთხეების ზონირების რუკა და ხვდება მაღალი საშიშროების მქონდე არეალში. წარმოადგენს ისეთ ტერიტორიას, სადაც რელიეფი დახრილია და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა კალაპოტის ზონები და გამოირჩევა სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.

საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არ არსებობს ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები, მიწისზედა და მიწისქვედა გადასასვლელები, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროექტო ტერიტორია არ არის და არც სამომავლოდ იქნება  საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უზრუნველყოფილი. შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს დაგეგმილი ფუნქციებისა და ინტენსივობის, შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას და ქვეითისათვის მარტივად მისადგომობის მოთხოვნას, რაც ინდივიდუალური მგზავრობის მაღალ წილს გამოიწვევს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში თქვეს ისიც, რომ ტერიტორიის მოთხოვნილი ფუნქციით განაშენიანების შემთხვევაში საავტომობილი ნაკადები გაიზრდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს კვანძზე, კერძოდ, საგრძნობლად გადაიტვირთება გმირთა მოედნის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩების ქსელთან დაკავშირებული კვანძები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო ნაკადებს ანაწილებს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში კი მიიჩნიეს, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბუნებრივ ლანდშაფტში და წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს, სადაც მსგავსი სახით ჩარევა და დომინანტური მოცულობების გაჩენა შეიტანს დისბალანსს, ხელს შეუშლის და დააკნინებს ბუნებრივი ლანდშაფტის და მასზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღქმას, რაც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.

პროექტს უარი კიდევ ერთი მიზეზით, ამჯერად თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელთაგან მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან ეთქვა. ოქმში, რომელიც 2020 წლის 30 იანვარს  შედგა, წერია:

„გასათვალისწინებელია საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ, 40 მეტრით შემაღლებულ გორაკზე არსებული არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე ცირკის შენობა, რომლის განუყოფელ ნაწილსაც მომიჯნავედ ჩამოყალიბებული ლანდშაფტი წარმოადგენს. აღნიშნული კომპლექსი თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აღქმადია მდინარე მტკვრის ხეობიდან, თამარ მეფის ქუჩიდან, გმირთა მოედნიდან და მარცხენა სანაპიროს ზემო ტერასებიდან. შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ცირკის შენობის ფიზიკური და ვიზუალური აღქმის არეალში მსგავსი თვითმიზნური ფორმების და მოცულობის განთავსება არ არის მიზანშეწონილი. უარი ეთქვას განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების საკითხს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის დაცვის არეალსა და ლანდშაფტურ გარემოში“, – წერია დოკუმენტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცირკსა და ყოფილ რესტორან არაგვს შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცება დასაშვები არ არის. შესაბამისად, თბილისი მთავრობამ გადაწყვიტა, რომ:

„1.უარი ეთქვას ქალაქ თბილისში ცირკსა და ყოფილ რესტორან არაგვს შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საოზგადოებრივ-საქმიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებას.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ილია ელოშვილს“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს დედაქალაქის მერი აწერს.

 

რატომ იყიდა ეროვნულმა ბანკმა მიწის ნაკვეთი, რომელსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს იმის შესახებ, რომ საპროექტო ტერიტორია მაღალი საშიშროების მქონე არეალში ხვდებოდა? ამ და სხვა კითხვებზე ეროვნული ბანკის პოზიციას „კომერსანტი“ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.

წყარო: commersant.ge

Share