Home » ბიზნესი » 500 Georgia- აქსელერაციის პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების შესაძლებლობას აძლევს

500 Georgia- აქსელერაციის პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების შესაძლებლობას აძლევს

500 Startups, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ბიზნესაქსელერატორია საქართველოში 2020 წლის თებერვალში, საქართველოში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით შემოვიდა. პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ამაღლება წარმოადგენს.

პროექტის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2 გამარჯვებული სტარტაპი:  Cardeal,Cargon  2021 წლის გაზაფხულზე „სილიკონის ველზე“ (Silicon Valley) გაემგზავრებიან. ისინი 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას

ამჟამად კი 500 Startups -ის პროგრამის მეორე ნაკადის 6 კვირიანი,  ინტენსიური კურსის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს. მონაწილე კომპანიებს შორის 10 სტარტაპია. ესენია:  Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ სტარტაპებიდან 5 კომპანია Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი  აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program – ში  მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს. ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის მონაწილე კიდევ 5 სტარტაპი (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩართულ სტარტაპებს შორის ოთხი უცხოური კომპანიაა, ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან.

დღეს იმ 5 სტარტაპზე მოგიყვებით, რომელმაც საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა.

დღესდღეობით თითქმის ყველა ოპერაციის ციფრულად განხორციელებაა შესაძლებელი, იქნება ეს ფულადი გადარიცხვები, იურიდიულ პროცედურები თუ სხვა მნიშვნელოვანი სერვისები. ამ პროცესების დაჩქარებას კი განსაკუთრებით შეუწყო ხელი პანდემიამ, თუმცა კომპანიები საერთო გამოწვევის წინაშე დააყენა – მაქსიმალური დაცულობით მოახდინონ მომხმარებლის ვერიფიკაცია და თავიდან აირიდონ ფიშინგი. სწორედ მსგავსი პრობლემების თუ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა “Kvalifika” – სტარტაპი, რომელიც ონლაინსივრცეში მომხმარებლის იდენტიფიკაციის პროცესს ამარტივებს.

„კომპანიებს რამდენიმე სერვისს ვთავაზობთ. პირველი პიროვნების ამოცნობაა. პროგრამა ხვდება კამერის უკან ნამდვილად დგას თუ არა ადამიანი, ხომ არ არის ნაჩვენები ფოტო ან ვიდეო მასალა. მეორე დოკუმენტების წაკითხვა და ავთენტურობის დადგენაა, მესამე კი ამ ყველაფრის რეპორტინგი, ანალიზი და მონაცემების თავმოყრაა“, – გვიყვება “Kvalifika”-ს თანადამფუძნებელი, გაბრიელ მელივა.

„Kvalifika-ს მთავარი იდეა პროცესების გამარტივებაა, ამასთან, უცხოურ ანალოგებთან შედარებით თითქმის 70%-ით უფრო იაფია ჩვენი პროგრამა.  გვინდა მცირე კომპანიებისთვის სერვისი ხელმისაწვდომი გავხადოთ, თან ისე, რომ არანაირ კომპრომისზე წასვლა არ მოუწიოთ. გვჯერა, რომ 500 Startups-ი ამის მიღწევაში დაგვეხმარება.“

YouTravel.me ტურების პლატფრომაა, რომლის მიზანიც მილიონობით ტურისტისთვის ინდივიდუალური გამოცდილების შეთავაზებაა.

„ჩვენი პლატფორმა მოგზაურებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-მდე ტურს სთავაზობს. გვსურს, ტურიზმის სფეროში გლობალური ლიდერები გავხდეთ და მილიონობით ადამიანს დავეხმაროთ მსოფლიოს აღმოჩენაში“- გვიყვება ივან ბორტნიკოვი, YouTravel.me-ს თანადამფყძნებელი. “საქართველოს ბანკის” და 500 Startups-ის კოლაბორაცია აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ სტარტაპებს საშუალებას გვაძლევს განვვითარდეთ და წვდომა გვქონდეს გლობალურ ბაზარზე. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში და გვჯერა, რომ მენტორების დახმარებით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.“

კიდეფვ ერთი სტარტაპი- Agrolabs კი სათბურში მომუშავე ფერმერებისთვის რუტინული სამუშაოების შემსუბუქების მიზნით შეიქმნა. იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც კომპანიის თანადამფუძნებლებმა შენიშნეს, რომ ფერმერებს არ ჰქონდათ მოსავლის შესახებ საჭირო ცოდნა და ვერ ახერხებდნენ პროცესების მონიტორინგს. „ჩვენ მომხმარებელს Wireless სენსორებს და მის ალგორითმს ვთავაზობთ, რისი გამოყენებითაც ხდება მცენარეებისგან მიღებული ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაანალიზება, შედეგად კი მცენარის განვითარების პროცესის თვალნათლივ ყურება“ – გვიყვება მიხაელლაზარენკო, Agrolabs-ის თანადამფუძნებელი.

„მომავალში ვაპირებთ ჩვენი მომსახურება ე.წ “Subscription” მოდელზე გადავიყვანოთ, რითიც Agrolabs უფრო ხელმისაწვდომი გახდება მცირე ზომის, ინდივიდუალური ფერმერებისთვის. 500 Startups-ის გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელი იქნება და სწრაფ ზრდაში დაგვეხმარება.“

იმისათვის, რომ ბრენდ მენეჯერებმა და დიზაინერებმა უფრო მარტივად და ეფექტურად შეძლონ კომპანიის მისიის, თვისებების, თუ ღირებულებების მომხმარებლამდე მიტანა, სამმა მეგობარმა და პარტნიორმა „Corebook“ დააარსა.

“ჩვენ უბრალოდ ბრენდბუქის შესაქმნელ მოწყობილობას არ ვყიდით, გვსურს დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ინვესტიციის ჩადება ახალი ბრენდის შექმნაში, ან მის გარდაქმნაში სურს“- გვიყვებიან სტარტაპის დამფუძნებლები. „ჩვენი კონკურენტული უპირატესობა UX დიზაინია, რომელიც პროდუქტს მარტივად გამოსაყენებელს ხდის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მისი მოხმარება დამწყებ ბიზნესმენსაც შეუძლია. მომავალი წლის დასაწყისში უკვე განახლებული ვერსიის გაშვება გვსურს, რაშიც აქსელერატორში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება.“

PAYZE საგადახდო სერვისის პროვაიდერი სტარტაპია, რომელიც იმ ახალი პლატფორმების და marketplace-ების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, რომლებიც ბოლო წლებში წარმოიქმნა, და პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

„ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად შევიმუშავეთ ისეთი საგადახდო სერვისის მოდელი, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს, თუ ვინ მონაწილეობს ტრანზაქციაში. შესაბამისად, თითოეულ ტრანზაქციაზე ხელით მუშაობა საჭირო აღარაა, ტრანზაქციის მონაწილე კი პირდაპირ იღებს თანხას“- გვიყვება კახა გელაშვილი, PAYZE-ს თანადამფუძნებელი. „ჩვენი სერვისი განკუთვნილია როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესებისთის, თუნდაც მათთვის ვისაც ვებგვერდი არ აქვს და ინსტაგრამის თუ facebook-ის მეშვეობით ახორციელებს გადახდების მიღებას. ბენეფიტები, რასაც 500 Startaps-ის ფარგლებში მენტორებთან მუშაობით ვღებულობთ PAYZE-ს სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.“

ეს სწორედ ის სტარტაპებია, რომელმაც აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა როგორც საბაზრო პოტენციალის, ასევე ზრდის მაჩვენებლის თვალსაზრისით და ამრიგად, მოიპოვეს რეალური შანსი, სტარტაპის შემდგომი  განვითარებისა და გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სილიკონ ველიში მიიღონ. წარმატებას ვუსურვებთ როგორც სტარტაპებს, ისე  ამ პროექტის განმახორციელებლებს.

 

Share