Home » საზოგადოება » 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება
320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. საერთო საცხოვრებლის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 250 777 ლარია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფონდის ინფორმაციით, 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა სამი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინი პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ მიმდინარეობს შიდა გზების და ბილიკების, ღია ტიპის სპორტული მოედანის, გარე ტრენაჟორების და გარე განათების მოწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები მოეწყო მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის. სტუდენტურ საცხოვრებელში ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს ცხოვრებას და განათლების მიღებას, პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.

წყარო: 2030.news

Share