Home » საზოგადოება » „2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“

„2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“

„ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე.

მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ახსნა მისი გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზები – შეიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

მისი თქმით, 324 კმ მაგისტრალური გზა აშენდება უკვე 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის 760 კმ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა იქნება დასრულებული, რაც თავის მხრივ ქვეყანას სრულიად სხვა ინფრასტრუქტურულ სიბრტყეში გადაიყვანს, მოგვცემს ტურიზმის, ახალი მიზიდულობის ცენტრების, ინდუსტრიის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას.

,,რაც შეეხება წყალს, ამჟამად 150 მდებარეობაზე მიმდინარეობს ჩვენი პროექტები წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის. 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ცენტრალიზებული წყალმომარაგება აქამდე არ ჰქონია. ზესტაფონი დაწინაურებულია ამ მიმართულებით. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ზესტაფონს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება .

რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ზესტაფონის მიმდებარე სოფლები ,ესეც გათვალისწინებული გავქვს, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ამბიციური გეგმაა, 9 მილიარდი ლარი არის ჩვენი წინასწარი შეფასებით რაც დასჭირდება წყალმომარაგებას და წყალარინებას, მაგრამ ამაზე უკვე გაგვაჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ზესტაფონის პოტენციალზე საუბრისას ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც განახლდება აღმაშენებლის უბანი.

Share