“ჩვენი შემდეგი პრობლემა შეიძლება იყოს ყაზახეთი” – რუსი პროპაგანდისტები

0
155

რუსმა პროპაგანდისტებმა ყაზახეთის “დენაციფიკაცია” რუსეთის შემდეგ პრობლემად დაასახელეს, – ამის შესახებ Россия 1-ის ეთერში, სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრეს, რომლის ნაწყვეტიც ტვიტერზე ვრცელდება.

როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ყაზახეთში „იგივე ნაცისტური პროცესები განვითარდეს, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს”.

„რა თქმა უნდა”, – დაეთანხმა გადაცემის წამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვი სტუმარს და დასძინა, რომ ყაზახეთში ბევრი რუსი ცხოვრობს და რუსეთს ამ ქვეყანასთან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს.

როგორც ყაზახურ მედიაში ვარაუდობენ, აღნიშნული პროპაგანდისტული ნარატივი ყაზახეთის პოზიციას მოჰყვა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში ჩატარებული “რეფერენდუმები” არ ეღიარებინა.

ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომან ვასილენკო გამოეხმაურა, რომელმაც რუსი პროპაგანდისტები რუსეთისა და ყაზახეთის ურთიერთობების დაზიანებაში დაადანაშაულა. მის განცხადებას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„პირველ რიგში, მიგვაჩნია რომ ისინი [გადაცემის წამყვანები] არ ასახავენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას, მეორე, ისინი აზიანებენ რუსეთისა და ყაზახეთის ტრადიციულ ურთიერთობებს, მესამე ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან”, – უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

“რეზონანსი”