საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან

0
127

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 34.0 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).