ლევან დავითაშვილი – 2022 წელს ჩვენი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, საქართველოს ეკონომიკამ პანდემიის შემდეგ სწრაფად მოახდინა აღდგენა

0
126

მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც არსებობს რეგიონში და ზოგადად გლობალურად, 2022 წელს ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „საქსტატმა“ დააზუსტა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები და საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 10,5%-ით გაიზარდა.

„ასევე დაზუსტდა მიმდინარე წელს პირველი კვარტლების მონაცემები – 10,2% არის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდამ. თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები.

როგორც იცით, ექსპორტი გაიზარდა 34%-ით, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და აქედან ადგილობრივი ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, რამაც 3.1 მილიარდი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადასცდა და 33%-ით გაზრდილია წინა წელთან შედარებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდა. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, გვქონდა 922 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საიდანაც 43%-ზე მეტი ზუსტად ევროკავშირზე მოდის. იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება.

ასევე ტურიზმის აღდგენის დადებითი ტენდენციები უნდა აღინიშნოს – შემოსავლები ტურიზმიდან სრულად აღდგა და გადაცდა 2019 წლის მონაცემებს. საქართველომ 2,854 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლების ზრდაში ტურიზმს კიდევ გააჩნია პოტენციალი და რეზერვები, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა არ არის სრულად აღდგენილი 2019 წელთან შედარებით. ეს დამატებითი პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს მომავალი წლების ეკონომიკის ზრდაში.

ასევე „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მესამე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე გავიდა – 15,6%, რაც არის ოფიციალური მონაცემი, რომელიც უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს. ასევე ეს უკეთესი მონაცემია იმასთან შედარებით, რაც პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 77,500 ადამიანით გაიზრდა, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 47 400 ადამიანით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდა ასევე აისახება დასაქმებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გააჩნია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს უნდა გვქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში – 2022-2027 წლებში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, ასევე უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში – 5,8%“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.