თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, შესაძლოა, ორი წლით გადავადდეს

0
116

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, შესაძლოა, ორი წლით გადავადდეს.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ამკრძალავი ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრიდან შედის, სავარაუდოდ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდება.

ვადის გადაწევასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი კომიტეტმა განიხილა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ისკო დასენმა განაცხადა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა.

მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება კონფლიქტის პირველივე დღეებიდან შეუძლებელი გახდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა. აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – განაცხადა ისკო დასენმა.

შესაბამისად, კანონპროექტით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ისკო დასენი.