შამუგია: თხილის ახალი პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ უკეთესი მოსავალი, უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდეს და თითოეულმა ოჯახმა მეტი შემოსავალი მიიღოს

0
91

დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი ახალი სახელმწიფო პროგრამის თქვენთვის გაცნობაა. ჩვენი მეთხილე ფერმერების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ფაროსანამ და მიმდინარე წელს კი, დამატებით, ამინდებმა დააზარალა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მეთხილე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა მთავრობის პრიორoტეტია. იმისათვის, რომ ქვეყანაში ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება იყოს მუდმივად მზარდი, ფინანსდება არაერთი სახელმწიფო პროექტი. ყველა პროექტის შემუშავების დროს კი, სრულად არის გათვალისწინებული დარგში არსებული გამოწვევები და ჩვენი ფერმერების საჭიროებები.

„ერთ-ერთი აგროკულტურა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს, არის თხილი. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 47 ქვეყანაში 24 000 ტონა თხილი იყო ექსპორტირებული. ექსპორტის უდიდესი წილი კი, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა დარგში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და სახელმწიფოს მხრიდან ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.

„თქვენ იცით, რომ, 2017 წელს, აზიურმა ფაროსანამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა დარგს. სახელმწიფომ მყისიერად იმოქმედა – შეიქმნა შესაბამისი პროგრამა, გამოიყო დაფინანსება ბიუჯეტიდან, დაგვეხმარნენ დონორები და ჩვენ დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები ამ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით შევძელით, რომ 2019 წლიდან თხილის წარმოება გაზრდილიყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა თხილის მოვლის ღონისძიებებზე არის მიმართული.

„პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ უკეთესი მოსავალი, უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდეს და, რა თქმა უდნა, მეტი შემოსავალი მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. პროგრამის ფარგლებში, ვაფინანსებთ 0,2-დან 3 ჰექტრის ჩათვლით თხილის ბაღის მქონე ფერმერებს, ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.

ჩვენ კონსულტაციები გვქონდა დარგის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა სრულად საკმარისია თხილის მავნებლებისა და სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის შესაძენად.

აქვე მინდ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვქონდა სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ფართობზე გვაქვს თხილის ბაღები გაშენებული. ახალი პროექტის ფარგლებში, 150 ადგილობრივი ახალგაზრდა გადავამზადეთ. ახლა ისინი აქ არიან, ჩვენთან ერთად.

მოგესალმებით და გვიხარია, რომ ამ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით. ახალგაზრდები ახორციელებენ ჩვენი ფერმერების რეგისტრაციას, შესაბამის კადასტრის სისტემაში. ჩვენ გვექნება, ფაქტობრივად, სრული ბაზა თითოეული ფერმერის, თხილის ბაღის ფართობის, ჯიშის შესახებ და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.