ლექვინაძე – კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმები გრძელდება

0
75

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძეის განცხადებით, კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმები გრძელდება.

როგორც მან „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“ გახსნისას აღნიშნა, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ხელშეწყობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია და ამისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით, ბაზრის ხუთმა მარეგულირებელმა, შეთანხმების შედეგად, პირველად ერთიან ფორმატში, საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა გადაწყვიტა.

„დღეს, პირველად ერთიან ფორმატში, ვმასპინძლობთ კონფერენციას, სადაც კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიან შესაძლებლობებს, მექანიზმებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ ტენდენციებს განვიხილავთ. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.

კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ 200-მდე სტუმარი და 20 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წევრები.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რამდენიმე მემორანდუმს გააფორმებს.