კომპანია „ლიკაჩი თერმო“ „თიბისის“ მხარდაჭერით ახალ პროდუქტს აწარმოებს

0
99

„ლიკაჩი თერმო“ კიდევ ერთი ბიზნესია, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს, აჭარის რეგიონში, თბოიზოლაციის მასალის წარმოება დაიწყო, ხუთი წლის თავზე უკვე წარმატებულ ბიზნესისთვის ახალი ხაზის – მუყაოს ჭიქების დამატება გადაწყვიტა.

ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურში, 3000 კვმ ტერიტორიაზე განთავსებული 1500 კვმ ფართის შენობა-ნაგებობა ირაკლი ჩხუბაძემ 2017 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით შეისყიდა, მთლიანად განაახლა, 3000 კვმ-მდე გააფართოვა და თბოიზოლაციის წარმოებას ახალი კადრებითა და დანადგარებით შეუდგა. მანამდე კი ბაზარი შეისწავლა და მიხვდა, რომ საქართველოში იმ დროისთვის მოთხოვნადი და ძირითადად, ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი მასალის წარმოება ადგილზე უთუოდ სასარგებლო და მომგებიანი საქმე იქნებოდა.

„თბოიზოლაციის წარმოება ქართულ ბაზარზე ამ სფეროში არსებულმა მოთხოვნამ და ამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გადამაწყვეტინა, რაც ძირითადად ამ მასალის საზღვარგარეთიდან შემოტანას ეხებოდა. ადგილობრივი წარმოება ძალიან მწირი იყო, მოთხოვნა კი – დიდი. ბაზარი დიდწილად იმპორტზე იყო მიბმული. ამიტომ, მეგობრების რჩევით, ხელვაჩაურში უკვე არსებული საწარმო შევისყიდე, ფართი გავაორმაგეთ, დანადგარები გავაახლეთ და დავამატეთ კადრები, რომლებსაც დანადგარებთან მუშაობას ადგილზე ვასწავლით. 4 ადამიანით დავიწყეთ და დღეს უკვე 20-ამდე დასაქმებული გვყავს,“ – აღნიშნა „ლიკაჩი თერმოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჩხუბაძემ.

მათივე ინფორმაციით, მაღალი ხარისხის ნედლეული კომპანიას ძირითადად ირანიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, სპეციალურ დანადგარებში ამუშავებს და სარეალიზაციოდ მსხვილ დამკვეთებთან – „ნოვა“, „მოდუსი“, „გორგია“ – უშვებს. ბაზარზე არსებულ მსგავს კომპანიებს კონკურენციას ირაკლი ჩხობაძე ფასების რეგულირებით ცდილობს.

„სხვა კომპანიები მომხმარებელს, ძირითადად, იმპორტირებულ მასალას სთავაზობენ, რომლის ტრანსპორტირებაც, ტვირთის გაბარიტულობის გამო, საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტში იგივე, ან უფრო ნაკლები ფასი შევთავაზოთ. ფასების ასეთი რეგულირებით ჩვენ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთ იმპორტირებულ პროდუქტზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, სახელმწიფომ დამატებითი გადასახადი უნდა დააწესოს, რითაც ადგილობრივ ბიზნესს ხელს შეუწყობს,“ – აღნიშნავს ირაკლი ჩხობაძე.

მას შემდეგ, რაც თბოიზოლაციის მასალის წარმოება-რეალიზაცია მაქსიმალურად გამართა, „ლიკაჩი თერმომ“ არსებული საწარმოს ბაზაზე მეორე ხაზის – მუყაოს ჭიქების წარმოება გადაწყვიტა. „თიბისის“ მხარდაჭერით, სხვადასხვა ზომის, მუყაოს ერთჯერადი ჭიქების პირველი პარტია საწარმომ 4 თვის წინ გამოუშვა. სულ მალე კი „ლიკაჩი თერმო“ რამდენიმე ახალი პროდუქტის – ერთჯერადი თერმოჭურჭლის წარმოებასაც აპირებს, რომლითაც გატანის სერვისზე მომუშავე კომპანიებს მოამარაგებს. „თიბისის“ და „ლიკაჩი თერმოს“ ურთიერთობა ამ მიმართულებითაც გაგრძელდება.