„სრულიად გაუგებარია რას უწოდებს საპენსიო სააგენტო „დაბალ რისკიან“, „საშუალო რისკიან“ ან „მაღალ რისკიან“ პორტფელებს“

0
128

საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით, 2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თვითონ აირჩიონ რომელი ტიპის, რა რისკიანობის პორტფელში უნდათ თავიანთი თანხების განთავსება. ასევე  2023 წლიდან სააგენტოს ექნება  საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი პორტფელები, რომლებიც განსხვავდება, ერთი მხრივ, რისკიანობის მხრივ და, მეორე მხრივ, პოტენციური ამონაგებით და ყველას ექნება არჩევანის უფლება.

რამდენად სწორია და დროულია „სხვადასხვა რისკიანობის პორტფელების“ არჩევანის შეთავაზება საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, რა რისკებს შეიცავს ეს მიდგომა და რეალურად რა სარგებელს უნდა ველოდოთ მისგან, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ ისაუბრა.

„საპენსიო ფონდის თანხების საშუალებით სხვადასხვა რისკის პროფილის და სხვადასხვა მოსალოდნელი ამონაგების მქონე პორტფელების შეთავაზება საპენსიო სქემის მონაწილეთათვის არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, რომლითაც მონაწილეს ეძლევა საშუალება მისი საკუთარი რისკის აპეტიტის და რისკის ამტანუნარიანობის შესაბამისად შეარჩიოს მისთვის სასურველი რისკის პროფილის მქონე პორტფელი ან/და ასეთი პორტფელების კომბინაცია.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სრულიად გაუგებარია რას უწოდებს საპენსიო სააგენტო „დაბალ რისკიან“ ან „საშუალო რისკიან“ ან „მაღალ რისკიან“ პორტფელებს, როგორ და რა ერთეულებში ზომავს რისკს როგორც თითოეული საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის, ისე კონკრეტული პორტფელისთვის და როგორ ადგენს კონკრეტული პორტფელის რისკის პროფილს“, – აღნიშნავს ლევან სურგულაძე.

ფინანსისტის აზრით, იმისათვის, რომ საპენსიო სააგენტომ რეალურად შეძლოს საპენსიო სქემის მონაწილეთათვის სხვადასხვა რისკის პროფილის პორტფელების შეთავაზება, ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

„პირველ რიგში უნდა შეიმუშავოს და დანერგოს რისკის რაოდენობრივი გაზომვის მეთოდოლოგიები ყველა იმ ინსტრუმენტისთვის, რომლებშიც აპირებს ინვესტირებას. ასევე, უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ოპერაციული რისკების რაოდენობრივი გაზომვის მეთოდოლოგია და ის მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც მოხდება აღებული საინვესტიციო რისკების და ოპერაციული რისკების აგრეგირება კონკრეტული პორტფელის ფარგლებში და ამ პორტფელის რისკის პროფილის კონკრეტულ რიცხვებში წარმოდგენა. ყველა აღნიშნული მეთოდოლოგიები უნდა შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას და უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

როგორც არაერთხელ ხაზგასმით აღმინიშნავს თქვენს და სხვა პუბლიკაციებშიც, იმისათვის, რომ საპენსიო სააგენტომ საერთოდ დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობა, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებელი წინაპირობა, მას უნდა ჰქონდეს: დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, დანერგილი შესაბამისი პროცესები, პროცედურები და რისკის გამოთვლის მეთოდოლოგიები, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად“, – ამბობს ლევან სურგულაძე.

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 88,090 იყო.

commersant.ge