ენერგოკრიზისში მყოფი ევროპისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად საქართველოში დიდი ენერგოპროექტები დაიგეგმა

0
172
საუბარია მილიარდიან პროექტებზე, სადაც ევროპის, საქართველოს და შუა აზიის ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

 

დაახლოებით 2 წელიწადში  საქართველოში შეიძლება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობა გაჩნდეს. ამის საშუალებას იძლევა შავი ზღვის ფსკერზე კაბელი, რომლითაც საქართველო შეიძლება რუმინეთს დაუკავშირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ენერგომატარებლებზე არნახული მოთხოვნაა, ჩვენს ქვეყანას, თუნდაც გატარების მხრივ, ჯერჯერობით არანაირი რეურსი არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო. თუმცა პერსპექტივა დიდია, რითაც თვითონ ევროპა და შუა აზიის ქვეყნები  მაქსიმალურად არიან დაინტერესებულნი და იწყებენ გეგმის შემუშავებას – კავკასიური დერეფანი უფრო გააქტიურდეს და ამ აქედან ევროპაში მეტი რაოდენობის  გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყოს.

ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გატარებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. მანამდე უნდა მომზადდეს პროექტის ანგარიში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც 18 თვეს მოიცავს და ეს უკვე დაწყებულიცაა. როგორც მან ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, უზარმაზარი პერსპექტივაა განახლებადი ელექტროენერგიის ათვისების თვალსაზრისით, რაც  ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

,,ევროპაში რა მოგახსენოთ, მაგრამ თურქეთში შესაძლებელია 700 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდება. დღესდღეობით ხაზი სრულად არის შევსებული. ცხადია, ინფრასტრუქტურა განსავითარებელია. ის, რაც ახლა გვაქვს, შეიქმნა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა გაიზარდა გამტარუნარიანობა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გამართვა, რაც მოგვცემს ევროპაში 1000 მგვტ-მდე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას, რათა შევუერთდეთ გლობალურ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს.  18 თვე სჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, რამდენიმე თვეა, ის უკვე მიმდინარეობს. შემდეგ უკვე მშენებლობას, ანალოგიების გათვალისწინებით, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. იმდენად სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი პროექტია, დაფინანსება არ უნდა გაჭირდეს.

გარდა ამისა, საინტერესოა რეგიონული ასპექტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი  ენერგეტიკულ რანგში ძირითადად ევროპის ქვეყნებში შესვლას ეხებოდა. ამისთვის კარგი დროა და მართლაც უამრავი და უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს განახლებადი ელექტროენერგიის ათვისების თვალსაზრისით, ამ გამოწვევებს როგორმე უნდა გავართვათ თავი და შანსი გამოვიყენოთ“, – აღნიშნა მირცხულავამ.

ახალი კაბელის მშენებლობაზე გააკეთა აქცენტი ენერგეტიკოსმა გია არაბიძემაც. პრობლემა ჯერჯერობით მაღალგამტარიანი (500 კვტ-იანი)  ხაზების გამართვაა, რომელთა მშენებლობაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იგეგმება. ამით უშუალოდ ევროპა და შუააზიის ქვეყნები არიან დაინტერესებულნი.

,,დღეს საქართველოს ევროპის ელექტროსისტემასთან კავშირი არ აქვს.  ჩვენ არ შეგვიძლია ევროპას მივაწოდოთ ელექტრული ენერგია, სანამ არ გაკეთდება შავი ზღვის ფსკერზე კაბელი, რომლითაც საქართველო რუმინეთს დაუკავშირდება. ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდება ევროპისთვის არის, პრაქტიკულად, შეუძლებელი. რესურსი არის, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოს არ აქვს. საუბარია, რომ  500-კილოვოლტიანი  კაბელი უნდა გავიდეს შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით 1000 მეგავატი სიმძლავრის, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში  თუ სხვა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპისთვის  მიწოდება. ეს რამდენიმე მილიარდიანი პროექტია.

საქართველოს ჰქონდა და ახლაც გეგმაში აქვს ამ კაბელის მშენებლობა. დღეისათვის მიდის გაანგარიშება და როგორმე დააჩქარებენ, ევროპისთვის ეს უაღრესად საჭირო და აუცილებელი პროექტია, ამიტომ მალე დადგება მისი რეალიზების საკითხიც“, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსთან” არაბიძემ.

როგორც ენერგეტიკოსმა აღნიშნა, 2023 წლის იანვრიდან  ყაზახური ნავთობი, (დაახლოებით 1,5 მლნ ტონა) უკვე თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის საშუალებით ჩავა ევროპაში. პარალელურად დგინდება, რა რაოდენობის ელექტროენერგიის მიწოდება შეეძლება საქართველოს ენერგდერეფნის მეშვეობით და როგორი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრქუტურა.

,,არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც იგეგმება, რომ  სამხრეთ კავკასიური კორიდორი უფრო გააქტიურდეს და მისი მეშვეობით დაიწყოს ევროპაში მეტი რაოდენობის  გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ამაში დაინტერესებულია თვითონ ევროპა და შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი და თურქმენეთი. 2023 წლის იანვრიდან უკვე ყაზახური ნავთობი უკვე თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის საშუალებით მოხვდება ევროპაში.

ამდენად, პროექტები არის, მათში შესრულების სურვილი აქვს შუა აზიას და მიმღებს – ევროპას. ბუნებრივია, ჩვენ წარმოვადგენთ შუა რგოლს, ვინც დაინტერესებულია  გაზი, ნავთობი თუ ელექტროენერგია ჩვენი ქვეყნის გავლით მიეწოდოს ევროპას, ასე რომ, სამივე მხარის ინტერესები იკვეთება. დაახლოებით  2027 წლისთვის უკვე შეგვეძლება ევროპას მივაწოდოთ 20 მილიარდი კუბ/მ გაზი, ხოლო თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის და  ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენის რეაბილიტაციის შემდგომ შესაძლებელია 5,5 მილიონი ნავთობის გატარება. რაც შეეხება ელექტროენერგიას,   ანგარიშის პროცესში დადგინდება და დაზუსტდება, რა რაოდენობის ელექტროენერგიის მიწოდება შგვეძლება საქართველოს დერეფნის მეშვეობით და როგორი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრქუტურა“, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გია არაბიძემ.

რაც შეეხება რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის მშენებლობას, რამდენიმე თვის წინ  სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი  გიორგი კაჭარავა აცხადებდა, რომ ის უნდა გახდეს  გარდამტეხი ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიერკავკასიისა და ევროპის ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან ფარავდნენ, პირდაპირ უნდა გადაერთონ საქართველოზე და ჩვენმა ქვეყნამ ცენტრის ფუნქცია შეასრულოს.

საუბარია დაახლოებით 2 მლრდ-იან ინვესტიციაზე, რის განხორციელებაც სამომავლოდ კერძო სექტორის ჩართვით იგეგმება.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გაყიდა. “საქსტატის” მონაცემებით, 9 თვეში ექსპორტზე 84 მლნ 339 ათასი დოლარის ელექტროენერგიაა გატანილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 468%-ით აღემატება. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო წლიური შეწონილი ფასი პირველ კვარტალში, დოლარში 16.4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში რეკორდული 171%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორე კვარტლის მონაცემებით, ელექტროენერგიის ფასი 10 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზარდა.

resonancedaily.com