ონლაინ კაზინოებისთვის ნებართვის აღება სავალდებულო გახდება

0
130

საქართველოში ონლაინ კაზინოები ლიცენზირებას დაექვემდებარებიან და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს მიმდინარე თვეში წარედგინება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განუცხადა, ცვლილების მიზეზი Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციაა.

მისი განმარტებით, ამჟამად სახმელეთო კაზინოებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ ონლაინ კაზინოს მოსაწყობად და ამისთვის ცალკე ლიცენზიის აღება და მოსაკრებლის გადახდა არ უწევთ. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კი, ონლაინ კაზინოებისთვის ცალკე სანებართვო პირობები განისაზღვრება.

„Moneyval-მა 2020 წელს რომ შეგვაფასა, მოგვცა რეკომენდაცია, რომ ლიცენზირება ყოვლისმომცველი უნდა იყოს. დღეს საქართველოში ლიცენზირება არაა ყოვლისმომცველი, მხოლოდ სახმელეთო კაზინოებს აქვთ ლიცენზია და ნებართვა. ონლაინ კაზინოებს რაც შეეხებათ, ხმელეთზე ვისაც აქვს ობიექტი და აქვს ლიცენზია, შეუძლია განაცხადოს შემოსავლების სამსახურში, შექმნას ონლაინ პლატფორმა.

ანუ დღეს ონლაინ საქმიანობა უწყებრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება, მაგრამ ყოვლისმომცველობა ნიშნავს, რომ ესეც ლიცენზირებას უნდა დაექვემდებაროს. ონლაინ კაზინოებს ცალკე ნებართვა უნდა ჰქონდეთ, თავისი პირობებით. ყველა ლიცენზიას თავისი მოსაკრებელი აქვს, არ იქნება დიდი და მძიმე, იქნება ადეკვატური მოსაკრებელი, არ დააწვება დარგს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გემზე კაზინოს მოწყობას კრძალავს, რაც სექტორისთვის მისაღებია, რადგან საქართველოში ეს საკითხი აქტუალური არაა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ახალი ნორმების ამოქმედების ვადები საკანონმდებლო განხილვების დროს დაზუსტდება და კანონი „გონივრულ ვადებში ამოქმედდება“.

წყარო: „ბიზნეს ფორმულა“