The Times – გერმანიის საპენსიო სისტემა კოლაფსს უახლოვდება

0
140

გერმანიის საპენსიო სისტემა უსახსრობის გამო კოლაფსს უახლოვდება, წერს ბრიტანული The Times.

ეკონომისტებმა მანამდე გააფრთხილეს ქვეყნის ხელისუფლება, რომ საპენსიო სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს, თუ კი მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებს არ განახორციელებს. თუმცა, ანალიტიკოსების მტკიცებით, პოლიტიკოსები მათ სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

გერმანიის მოსახლეობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია: გერმანელების 22%-ი 65 წელზე მეტი ასაკისაა (ბრიტანელთა 19%-თან შედარებით). მომდევნო რამდენიმე წელიწადში მათი წილი მკვეთრად გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური დაზღვევის შემოსავლები შემცირდება, გადახდები კი პირიქით, გაიზრდება.

რაინერ დულგერმა, გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიებს, სადაც დასაქმებულია ეროვნული სამუშაო ძალის 70%-მდე, თქვა, რომ თუ ეს ტენდენციები არ შეჩერდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სისტემა ჩამოიშლება.

”ფასები გაიზრდება,” – თქვა დულგერმა, რომელსაც 58 წელი უკვე შეუსრულდა, „ჩვენ გვჭირდება ხანდაზმულთა პენსიების სასწრაფო განახლება. ახლა ყოველ 100 დასაქმებულზე თითქმის 50 პენსიონერი მოდის, რომელიც შენატანებს იხდის. 15 წელიწადში კი 100 მუშაკზე 70 იქნება“.

”ბერლინში ყველამ იცის ეს მაჩვენებლები, მაგრამ არავის აქვს იმის ძალა, რომ ამაზე საუბარი დაიწყოს”, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმა ისეთივე რთული იქნება, როგორც ენერგეტიკული უზრუნველყოფა, მაგრამ ”თაობათაშორისი სამართლიანობისთვის, ეს ამოცანა მნიშვნელოვანია.

თუმცა, გერმანიის პოლიტიკაში ეს თემა რაღაც ტაბუდადებულად რჩება, აღნიშნავს The Times. კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დიდად არიან დამოკიდებულნი 65 წელს გადაცილებულ ამომრჩევლებზე და საპენსიო უფლებების დაცვა მათ ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციეს. გასულ ზაფხულს, შოლცმა, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, უარყო ეკონომიკის სამინისტროს წინადადება 2042 წლისთვის საპენსიო ასაკის 68 წლამდე ეტაპობრივი აწევის შესახებ.

„გპირდებით, რომ საპენსიო ასაკის გაზრდის საკითხი აღარ დადგება“, – განაცხადა მაშინ შოლცმა.

სოციოლოგიური კომპანია INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანელების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვერ უმკლავდება თავის მოვალეობებს, როგორც მთავრობის მეთაური.

commersant.ge