„1 კვირა გზაში, გაუსაძლის პირობებში ვარ, მათოვს, მაწვიმს და უცებ ვიღაც მეუბნება, რომ უნდა მომცე 4-5 სული ცხვარი, თორემ არ გაგატარებინებ ფარასო“

0
7643

საძოვრების სიმწირე, დოლარის კურსი, ცხვრების გადასარეკი ტრასები – ეს ის საკითხებია, რაც მეცხვარეებს სერიოზულ სირთულეების წინაშე აყენებს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბექა გონაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, თუ რა სირთულეების წინაშე არიან სფეროს წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არ იყო ის პრობლემები, რაზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ. ყველაზე მთავარი ფაქტორი არის დოლარის კურსი, რამაც ფასების ნაწილში დაგვარტყა. ხარჯები გაგვეზარდა და იმის გამო, რომ დოლარის კურსი გაუფასურებულია, ვეღარ ბალანსდება.

ზოგადად, როცა ეროვნული ვალუტა გამყარებულია, ეს ექსპორტისთვის ხელისშემშლელია. ამასთან, მიწოდების ჯაჭვის გაძვირების გამო, ცოცხალი ცხვრის გაყიდვა საკმაოდ გაპრობლემებული იყო. ამ პერიოდისთვის ამდენი რაოდენობის ცხვარი გასაყიდი წესით არ უნდა იყოს დარჩენილი,“- აღნიშნა გონაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ცხვრების გადასარეკი ტრასების პრობლემაზეც. როგორც გონაშვილი აცხადებს, ტერიტორიაზე 350 მეტრი მიწის მესაკუთრეებმა ჩაუხერგეს და ფარის გატარების სანაცვლოდ ბაჟის სახით, რამდენიმე სული ცხვარის დატოვებას ითხოვენ.

„გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და ითხოვენ ცხვრებით გადახდას, ეს ხომ რეკეტია? 2009 წელს, როდესაც ასოციაცია დავაფუძნეთ, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც დავაყენეთ იყო ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემა. მაშინ იმას მივაღწიეთ, რომ წითელ ზონაში მოვაქციეთ, რათა მისი გაყიდვა აღარ მომხდარიყო. თუმცა, არის წარსულში გასხვისებული მიწები, რომლის ან მონაცვლეობა უნდა მოხდეს ან გამოსყიდვა. 2011 წელს მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით შეიცვალა ტრასამ მიმართულება, გვითხრეს, რომ ვეღარ გავივლიდით რუსთავთან, რადგან იქ უნდა გაშენებულიყო ავტობაზრობები და ა.შ.

სანაცვლოდ მოგვცეს სხვა მიმართულებები, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული პატარ-პატარა ნაკვეთები მდებარეობს. ჩვენ მაშინვე გვქონდა საუბარი, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. თუმცა, გადიოდა წლები და ხან ყველას მიგვავიწყდებოდა ეს თემა, ხან თუ რამე ფაქტი მოხდებოდა ავჟრიამულდებოდით, განსაკუთრებით ეს ხდებოდა გადარეკვის პერიოდში.

ის კონკრეტული შემთხვევაც რომელიც ახლა მოხდა, მოსალოდნელი იყო. ვიღაცას აქვს კერძო საკუთრება და გეუბნება რომ იქ არ გაიარო. ეს ხალხი მე ჯერ კიდევ გაზაფხულზე დამიკავშირდა და მკითხეს, როგორ შეგიძლიათ, რომ მოგვიგვაროთ ეს საკითხიო.

იმათ უნდათ, რომ ამაში ფული გააკეთონ და გასაგებია ეს. მაგრამ მე არ შემიძლია თანხის გადახდა. ავუხსენი, რომ ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია შესაბამის სტრუქტურაში პრობლემის არსებობის შესახებ საკითხი დააყენოს. მაშინვე მივაწოდე ინფორმაცია გუბერნატორს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. ამის შემდეგ აღარაფერი მომხმდარა.

ახლა კი, როდესაც დაიწყო აქტიური გადასარეკი სეზონი, ადგნენ და ბაჟის აღება დაიწყეს. წარმოიდგინეთ, ვარ მეცხვარე, 1 კვირა გზაში ვარ, გაუსაძლის პირობებში, მათოვს, მაწვიმს და უცებ ვიღაც მეუბნება, რომ 350 მეტრში უნდა მომცე ცხვარი, 4-5 სულიო, თორემ არ გაგატარებო.. ფარიდან 4-5 სულის მიცემა ბაჟის სახით, წარმოუდგენელი და გამორიცხულია,“- განაცხადა გონაშვილმა.

წყარო: BPN.GE