საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

0
142

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი და პროექტში შესული ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზემოხსენებული წესის თანახმად, დღეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციის ნაცვლად, შესაძლებელი ხდება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/ავანსის გადახდის შემთხვევაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაკავშირება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის საბოლოო ანგარიშ-ფაქტურასთან. პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ასევე ანგარიშ-ფაქტურის მოქმედი ფორმის მცირედით შეცვლაც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა საკითხმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებში. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბიზნესის 150-ზე მეტი წარმომადგენელი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ეხება, როგორც კანონის ამოქმედების ვადებს ასევე ტექნიკურ ნაწილებს.

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის ეფექტიანი თანამშრომლობის. წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ეხება, როგორც კანონის ამოქმედების ვადებს ასევე ტექნიკურ ნაწილებს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობა გაამარტივებს მთლიანად პროცესს, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარისათვის”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.