ერდოღანი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა

0
235

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა.

„ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთისა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე.

ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში.

უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა ყველა ძალისხმევას მიმართავს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზით. ამასთან, მისი თქმით, თურქეთი ყველა შესაბამის ზომას მიმართავს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

1tv.ge