„ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ…“ – რა აფერხებთ ქართველ მწარმოებლებს ევროპაში გასავლელად

0
223

„ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჩვენ, და პირველ რიგში, ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც რუსეთის ბაზრიდან მოდის. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა“,- ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტმა, გიორგი გუდაბანძემ „ბიზნესპრესნიუსითან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ევროპაში გასასვლელად, ლოგისტიკური, იგივე ტრანსპორტირების მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს არგუმენტი რუსეთის ბაზარზე არჩევანის გასაკეთებლად არ გამოდგება, რადგან საქმე ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ საფრთხეებს ეხება.

„ადგილობრივი ბიუროკრატიის მიმართულებით, საბედნიეროდ, მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში ვართ. პირველ რიგში ის, რომ ბევრი წელია, რაც ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახადისგან. გარდა ამისა, უშუალოდ ექსპორტის პროცედურა საკმაოდ მარტივია და ადგილობრივ მწარმოებლებს ტექნიკური ბარიერების გადალახვა არ უჭირთ. ამ მხრივ, წინააღმდეგობები არ არის, თუ რაიმე რეგულაციებს არ შემოგვახვევენ კონკრეტული მაკონტროლებლები.

თუმცა, სირთულეები არის იგივე ლოგისტიკური მიმართულებით, რომელიც საქართველოში არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ტვირთს ტრანსპორტირება, დასაწყობება, შენახვა, გამარტივდეს. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ანაკლიის პორტის ჩაშლილი პროექტი, რომელიც საქართველოში ტვირთბრუნვას საკმაოდ გაზრდიდა და შეეძლო საქართველო რეგიონულ ჰაბადაც ექცია.

გარდა ამისა, საჰაერო გადაზიდვების კუთხით გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები. იმიტომ, რომ ჩარტერული რეისები საკმაოდ მცირეა და ექსპორტიორებს ძალიან უჭირთ მხოლოდ სამგზავრო თვითმფრინავებით გაგზავნა შორ მანძილზე.

ასევე, როდესაც ლოგისტიკაზე და ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ ძალიან გაზრდილია ფასები. ეს ტენდენცია გრძელდება ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია ნავთობის ფასით, რასაც დაემატა მსოფლიო კრიზისი, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებების გათვალისწინებით სულ უფრო იცვლება.

თუმცა, ეს არგუმენტები არის თითიდან გამოწოვილი, რის გამოც შემდეგ რუსეთზე აკეთებენ ისევ არჩევანს. მხოლოდ ამ მიზეზით თუ ვიმსჯელებთ, შორს ვერ წავალთ და ვერც განვითარების პერსპექტივა გვექნება. იმიტომ, რომ კი ბატონო, რუსეთის ბაზარი გამოირჩევა სიმარტივით, რაც პირველ რიგში გულისხმობა ლოგისტიკას, ახლო მანძილია, გადაზიდვა მარტივია, რუსეთის ბაზრის იმპორტიორები, ხშირ შემთხვევაში, წინასწარი გადახდის პრინციპს სთავაზობენ ჩვენს ექსპორტიორებს, რაც რა თქმა უნდა, ამარტივებს სხვადასხვა საოპერაციო საქმიანობას; გარდა ამისა, არ არსებობს საკომუნიკაციო ენის ბარიერი, რადგან დღეს ექსპორტიორების უდიდესი ნაწილი არის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც რუსულად თავისუფლად საუბრობს…

ანუ ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჩვენ და პირველ რიგში, ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც რუსეთის ბაზრიდან მოდის, ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა.

თუ ეკონომიკურ არასტაბილურობას განვიხილავთ, შეგვიძლია 2006 წლის ემბარგო მოვიყვანოთ მაგალითად, როდესაც უაზროდ, ასე არაფრის გამო, რუსეთმა ფაქტობრივად, კოლაფსის წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკა. იმიტომ, რომ ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პრინციპში, ამას დიდი განხილვა არც სჭირდება, რუსეთია და ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად, კრახის წინაშე დააყენოს ჩვენი ქვეყანა.

გარდა ამისა, დღეს, სახეზეა ის, რომ რუსეთი ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა, ჩვენ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს, უკრაინის მიმართ აგრესიის ფონზე რაც ხდება, ანუ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ „სტაბილურობას“ რაც ემართება. ამიტომ, ჩვენი პირველი სტრატეგია უნდა იყოს ავითვისოთ განვითარებული ბაზრები და მოვიზიდოთ გრძელვადიანი პარტნიორები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით სტაბილურად“,- განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.