საფინანსო სექტორში შესაძლოა საშუალო ზომისა და სტაბილური ბიზნესმოდელის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნას

0
118

საფინანსო სექტორში შესაძლოა საშუალო ზომისა და სტაბილური ბიზნესმოდელის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ამას “მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კანონპროექტი ახალი ფინანსური ინსტიტუტის – მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გამჭვირვალედ და ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად, ასევე მიკრო ბანკის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის მომზადდა.

“კანონპროექტის მიღებით საფინანსო სექტორში შეიქმნება საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე. აღნიშნული გაზრდის ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და გამოიწვევს საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისივე თქმით, გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში. როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, კომერციულ ბანკთან მიახლოებული რეგულირების ჩარჩოთი და მკაფიოდ განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის მიმართულებებით, მიკრო ბანკის ბიზნესმოდელი საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების ზრდას გამოიწვევს.

“მიკრო ბანკებს სოციალური მისიაც ექნებათ, რაც მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება“, – აღნიშნეს საკომიტეტო განხილვისას.