ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების გაზრდის დავალება გასცა

0
188

“ნავთობის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური მარშრუტით (საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში) წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება”, –  ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება ყაზახეთის ხელმძღვანელის პრესსამსახური Telegram-ზე.

ტოკაევის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, – დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ტოკაევმა აღნიშნა, რომ კარგი გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, მანგისტაუს რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი და საპორტო ქალაქ აქტაუს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს “ყაზახეთის ზღვის კარიბჭე”.

პრეზიდენტმა მოწოდება გააკეთა ძლიერი მხარეების რაციონალურად გამოიყენებისა და რეგიონის გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და სატრანზიტო კერად გარდაქმნის შესახებ.

სანდრო პირველი