გვენეტაძე – სსფ-ის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება

0
82

გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ გვენეტაძემ სსფ-ს მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონისთან, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირველ მიმოხილვაზე შეთანხმება მოხდა.

„გლობალურად მაღალი გაურკვევლობის და გეოპოლიტიკურად დაძაბულ პირობებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის დროულ და წარმატებით განხორციელებას დიდი დატვირთვა აქვს. ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა, რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას განამტკიცებს და ეკონომიკის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მოხარულები ვართ, რომ მისისამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ გაწეული პოლიტიკა. მისიისთვის მისასალმებელია ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და რეზერვების გონივრული მართვა. მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა გაცვლითი კურსის მოქნილობა და მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით ხელსაყრელი პირობების ფონზე და ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით დააგროვა საერთაშორისო რეზერვები.

გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით”, – განაცხადა კობა გვენეტაძე.

მისი განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ზედამხედველობისა თუ კლიმატთან დაკავშირებული რისკების შეფასების მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტურობასაც უსვამს ხაზს.

„ასევე, აღნიშვნის ღირსია, რომ მისიის შეფასებით, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება.

აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.