Pfizer, Audi და Mondelez შეაჩერეს Twitter-ზე რეკლამები მას შემდეგ, რაც ის მასკმა იყიდა

0
101

ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc, საკვების მწარმოებლები General Mills Inc, Mondelez International Inc. და გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ დროებით შეაჩერა სარეკლამო კამპანიები Twitter-ზე მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი მილიარდერმა ილონ მასკმა იყიდა, იუწყება The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი რეკლამის განმთავსებელი შეშფოთებულია მასკის მიერ კონტენტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმებით, რაც, მათი აზრით, გამოიწვევს სოციალურ ქსელში არასათანადო ინფორმაციის მოცულობის გაზრდას. სხვები დროებით აჩერებენ რეკლამებს Twitter-ზე გაურკვევლობის გამო უმაღლესი აღმასრულებლების წასვლის შემდეგ,

მანამდე ფრანგულმა ჯგუფმა L’Oreal SA-მ, კოსმეტიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, გააყინა რეკლამის ხარჯები Twitter-ზე.

გასულ კვირას Twitter-ზე რეკლამის განთავსება უმსხვილესმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა შეაჩერა.

ზოგიერთი უმსხვილესი სარეკლამო ფირმის აღმასრულებლები ასევე აღნიშნავენ, რომ მათმა კლიენტებმა დაიწყეს გადახედვა და ზოგიერთ შემთხვევაში პლატფორმაზე ყოფნის შემცირება, წერს Financial Times.

მასკმა ადრე განაცხადა, რომ მას სურს შემსუბუქდეს შეზღუდვები მიკრობლოგების შინაარსის გამოქვეყნებაზე და მოხსნას მომხმარებლებისთვის „მუდმივი“ აკრძალვები, რამაც გამოიწვია შეშფოთება ზოგიერთ რეკლამის განმთავსებელში. შეშფოთება იზრდება აშშ-ის კონგრესის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რადგან კომპანიები შიშობენ, რომ მათი რეკლამა შერეული იქნება ცრუ ინფორმაციასთან და ძალადობის პროპაგანდასთან, აღნიშნა FT.

დამატებითი უარყოფითი ფაქტორი იყო Twitter-ის კომერციული დირექტორის, სარა პერსონეტის გადადგომის ამბავი, რადგან ის რეკლამის განმთავსებლებისთვის მთავარი საკონტაქტო პირი იყო.

სამშაბათს, სამოქალაქო საზოგადოების 40-მა ჯგუფმა ხელი მოაწერა ღია წერილს რეკლამის განმთავსებლების მიმართ, მათ შორის Amazon-ს, Coca-Cola-სა და Procter & Gamble-ს, და მოუწოდებდა მათ შეწყვიტონ რეკლამა Twitter-ზე, თუ კომპანიის სტანდარტები, მათ შორის შინაარსის მოდერაცია, დაექვემდებაროს ახალ ხელმძღვანელობას.

ტვიტერი ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, კომპანიის შემოსავლის ლომის წილი კი სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის.

ეკა უკლება