„მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა“

0
96

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

24 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ხუთწლიანი პროექტი საოკუპაციო ხაზთან 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ყურადღება ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა. ვფიქრობ, ახალი პროექტი, სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ფარგლებში, ჩვენი მიზანია, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხელი შევუწყოთ უსაფრთხო, დაცული და პროგრესული ადგილობრივი თემის განვითარებას“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში USAID ადმინისტრატორის მოადგილემ, ერინ მაქიიმ.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენლები, მეწარმეები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.