„ინფლაციის შემცირების მაჩვენებელი გაგრძელდება, რომ არა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, შეიძლება, ინფლაცია უფრო მაღალიც გვქონოდა“

0
114

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოში  ინფლაციის      შემცირების მაჩვენებელი გაგრძელდება.   ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. ცუცქირიძე  ინფლაციის დონის შესახებ  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

„დღეს  ინფლაციაზე  ვსაუბრობთ, რომელიც ყველას აწუხებს.  დავიწყოთ იქიდან,  რომ, ოქტომბრის თვის  მონაცემების მიხედვით, ყველაზე უფრო დაბალი ინფლაცია პირველად გვაქვს. ოქტომბრის თვეში სექტემბრის თვესთან შედარებით ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ესაა 0, 9 პროცენტული პუნქტი. ინფლაცია დღეს, გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, ანუ ბოლო 15 თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე  –  10, 6 %-ზეა. ჩვენთან   ინფლაციის  საკმაოდ მაღალი  მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა და ახლა  ყველაზე დაბალია.

ამ ტრენდით,  რომელიც ბოლო 15 თვეა, გვაქვს, არსებულ მოცემულობაში  პროგნოზი შეიძლება, დაისვას, რომ ინფლაცია      შემცირების მაჩვენებელს  გააგრძელებს. ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ მომავალი წლის მეორე კვარტალში ინფლაცია   მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება, სავსებით რეალისტურია.  საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუ ინფლაცია 4 %-იან  ნიშნულზე დავა.

რადგან პოზიტიური ტრენდია,  შევეხები იმასაც,   როგორია ინფლაცია    რეგიონის,    ევროკავშირის ქვეყნებსა და    ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

აღვნიშნავ,   რომ ინფლაციას გლობალური ეფექტი ახასიათებს.   მაღალი ინფლაცია მხოლოდ ჩვენთან არ არის. ინფლაცია  ბოლო 40 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში,  ასევე, რეგიონის ქვეყნებსა  და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამის  მთავარი მიზეზი  ორია:  პირველი, ესაა 2021 წლის პოსტშოკური პერიოდის ინერცია,  რაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთან იყო დაკავშირებული, რამაც გადაზიდვებზე,   ტრანსპორტისა და  ენერგომატარებლებზე ფასების სარეკორდო  ზრდა  გამოიწვია. ამას დაემატა ომი უკრაინაში და ამ ორივე ეფექტმა ინფლაციის სარეკორდო მდგენელზე იქონია ზეგავლენა.

ევროკავშირი  რომ ვახსენე:  მინდა, გითხრათ, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია  ევროკავშირში ბოლო 40 წლის მანძილზე  არ ყოფილა, ორნიშნა მაჩვენებელია,  დაახლოებით –  10, 7 %;   მათ შორის, სურსათის ფასებზე 13 %, ენერგოპროდუქტებზე 42 %-მდე. ინფლაციას რასაც ვხედავთ, თუნდაც ჩვენთან,   ესაა  სასურსათო ინფლაცია და გაძვირებული ტრანსპორტი,  საწვავი,  რაც ინფლაციის  მაჩვენებელზე ზემოქმედებს.   ზოგადად,   გლობალურ ბაზრებზე ინფლაციაზე წნეხი გაზრდილია, რაც სანქციების და მიწოდების ჯაჭვების რღვევასთანა დაკავშირებული.

ჩვენთან საუბარია იმაზე, რომ ბინებზე  ფასები გაიზარდა. ესეც გარედან შემოსული ფაქტორია.  აღნიშნული დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასთან, რომლებიც   ომს გამოერიდნენ.  ესენი  არიან უკრაინიდან, რუსეთიდან,  ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორები. ამან  საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა და ფასების  ზრდა გამოიწვია.

ეს ყველაფერი ეგზოგენური,  გარედან შემოსული ფაქტორებია. ამას იმპორტირებულ ინფლაციასაც ვუწოდებთ.

ვნახოთ,  რა ხდება რეგიონში: თურქეთში  ბოლო 2 წელია, ინფლაცია რეკორდს ხსნის, 83 % იყო,   რუსეთში გასაგებია,  რომ მაღალია  – 13, 7 %,   უკრაინაში კიდევ უფრო მაღალია – 24,6 %,  აზერბაიჯანში  –  13, 4%, ბელარუსში – 17, 4 %, მოლდოვაში -34 %, ინფლაცია  რეკორდებს ხსნის ბალტიისპირეთში , ესტონეთში 23, 7 %-ია,  ლიეტუვაში – 24 %,  რაც ამ ქვეყნებში  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არასდროს ყოფილა.  ცენტრალური აზიის ქვეყნებში:   ყაზახეთში 17, 7 %-ია, ყირგიზეთში – 15 %.

ამას  ინფლაციის გარე,  ეგზოგენური ეფექტი ჰქვია.   გარედან შემოსული ინფლაცია, ბუნებრივია,     ჩვენს სასურსათო კალათზე,  თითოეული ოჯახის ხარჯებზე მოქმედებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მანვე განმარტა, რამ გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის კლება.

„ჩვენთან ბოლო 15 თვის  მანძილზე ინფლაცია ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ჩვენთანაც  სარეკორდო,  14 %-მდე იყო.   ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტორთან  იყო დაკავშირებული. შარშანაც, გამომდინარე იქიდან,  რომ პოსტკოვიდპანდემიური შოკის ინერცია იყო მაღალი, ინფლაცია  ევროკავშირში, თურქეთში,  რეგიონის სხვა  ქვეყნებშიც მაღალი იყო.   საშუალო რეგიონული მაჩვენებელი რომ ავიღოთ, დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ყველზე დაბალი ინფლაცია გვაქვს.   ჩვენთან   კლების ტენდენციაა.

ერთ-ერთი ფაქტორი,  რომელსაც ინფლაციის გარკვეულწილად შემცირება შეუძლია,  ეროვნული ბანის მონეტარული პოლიტიკაა. ვიცით, რომ ეროვნულმა ბანკმა  ბოლო გადაწყვეტილებით მონეტარული განაკვეთი ისევ მაღალ ნიშნულზე  დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  მაღალი ინფლაციის მოლოდინი   ჯერ კიდევ არის. მონეტარული განაკვეთი  ინფლაციაზე ზეგავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.

ფულის მასის გაძვირებით ინფლაციური პროცესის შეზღუდვა ხდება. მეორე ფაქტორი ფისკალური პოლიტიკაა,  ანუ როგორ ახორციელებს მთავრობა თავის პოლიტიკას. ეს, პირველ ყოვლისა, იმას ეხება, თუ როგორია ბიუჯეტის დეფიციტი. ვიცით, რომ გაზრდილი დეფიციტი ფასებსა და ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედებს. ვნახეთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი თუნდაც ბოლო წლის მანძილზე, 2019 წლის შემდეგ  ყველაზე დაბალია.   მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ფაქტობრივად, 4 %-ზე ქვემოთაა. საგარეო ვალი,  რომელიც 61 % იყო, ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ლარის კურსზე  დაწოლას ამცირებს  და ფაქტიც სახეზეა. ერთია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და მეორეა  ხარჯები, ანუ როგორ ხდება მთავრობის მიერ პროექტების დაფინანსება, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ , ჯანდაცვის პროექტებს, ნებისმიერ სოციალურ პროგრამას, ბიზნესის დაფინანსებას.

ამ ყველაფერმა, პირველ ყოვლისა,  სავალუტო კურსის სტაბილიზაცია  მოგვცა.  კურსის სტაბილიზაცია მხოლოდ გაზრდილმა ექსპორტმა არ გამოიწვია.  მნიშვნელოვანია,  როგორია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ესა ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი. ამ შედეგებმა სავალუტო კურსის სტაბილიზაცია შეუქცევადი გახადა.  პროგნოზი – რომ სექტემბრის მერე ლარი გაუფასურდებოდა, არ გამართლდა.  სტატისტიკა გამოქვეყნებული არაა,  მაგრამ,  ჩვენი პროგნოზით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მაღალი იქნება.    ამ ფაქტორებმა  ჩვენთან ინფლაციის კლება გამოიწვია.

ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ,  საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილმა რაოდენობამ  არა მხოლოდ ბინა გააძვირა, არამედ ზეგავლენა პროდუქტების ფასებზეც  იქონია. ბევრი ადამიანია შემოსული, ისინი აქ  არა მარტო ტანსაცმელს ყიდულობენ, არამედ – სასურსათო პროდუქციასაც, ესეც  რისკფაქტორი იყო, რომ ჩვენთან  მაღალი ინფლაცია იქნებოდა.  ეს ხალხი რომ შემოვიდა, მათ კვება სჭირდებათ,   სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. რომ არა სწორი  ეკონომიკური  პოლიტიკა, შეიძლება,  ინფლაცია უფრო მაღალიც გვქონოდა. ბევრ პროდუქტზე ფასი დაწეულია, იგივე ზეთზე, ხორბალზე, პურზე, წიწიბურაზე.  ეს იმის მანიშნებელია, რომ, ერთი მხრივ,   ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ფასების სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული და   მეორე მხრივ,  მთავრობის სტრატეგიის შედეგები,  შეემცირებინა წლიური ინფლაცია, სახეზეა.  ბუნებრივია,  შემცირებული ინფლაცია პოზიტიურია არა მხოლოდ  თითოეული მოქალაქისთვის, არამედ – ეკონომიკისთვისაც. ის შეიძლება,  თუდნაც მომავალ წელს  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მხარდამჭერი ფაქტორი გახდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, წლის ბოლოს  ეკონომიკის  ზრდა ორნიშნა რიცხვზე  იქნება.

„რამ შეიძლება,  ინფლაციის ტრენდზე ზეგავლენა იქონიოს: თუ არსებული მოცემულობა შეცვლილი იქნება, ვგულისხმობ სტაბილური  გარემოში  დესტაბილიზაციის ელემენტებს, რაც გამოიწვევს  ქვეყნიდან ინვესტორების გასვლას, ან მათ თავშეკავებას, ინვესტიციები გაზარდონ.  ამას პოლიტიკურ რისკს დავარქმევდი, ეს ეკონომიკური რისკი არ არის.

გარემო, რომელიც  ჩვენ დღეს გვაქვს,    ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია  იმისა,  რომ ეკონომიკა იზრდება.  ვნახავთ,   რომ წლის ბოლოს  ეკონომიკის  ზრდა ორნიშნა რიცხვი იქნება.

ეკონომიკური პოლიტიკის და, ზოგადად,  ქვეყნის პოლიტიკის, მთავარი ამოცანა    სტაბილური განვითარების ვექტორის შენარჩუნებაა.  ერთ ფაქტორს მინდა, ხაზი გავუსვა, რომელიც მომავალში  ინფლაციის კლებაზე  პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს –  ესაა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ფუნქციის მნიშვნელოვანი ზრდა. ბევრი პროექტი, ფაქტობრივად,  დაწყებულია, მომავალშიც იქნება. ეს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას, პორტების დატვირთვას ეხება. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს, რაც ბუნებრივია,   ეკონომიკური ზრდის მთავარი ვექტორი იქნება. პროგნოზი,  რომ ჩვენ  უახლოეს წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება,   რეალისტურია”, – განაცხადა ცუცქირიძემ.