კომერციული ბანკებისთვის განახლებული სალიცენზიო მოთხოვნები გამოქვეყნდა

0
114

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანება გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, 2022 წლის 24 სექტემბრიდან კომერციული ბანკი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული განახლებული სალიცენზიო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით და ვადაში.

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების, უცხოური სანდო ბანკის ფილიალის, უცხოური ბანკის ფილიალის და შვილობილი ბანკის ლიცენზირების საკითხებს.

დაინტერესებული იურიდიული პირი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს. წერილობითი მიმართვა წარდგენილი უნდა იყოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. წერილობითი მიმართვა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ბრძანების მიხედვით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი, ლიცენზია კი გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

გარდა ამისა, ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით.

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.

ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკების გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი ან ორზე მეტი ბანკის მიერ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. რაც შეეხება გაყოფას, კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს ამ წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.