“ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება და მიზნობრივთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს”

0
115

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება და მიზნობრივთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს ინფლაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ამან შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება.

“როდესაც ვაანალიზებთ ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ და ჩვენ ანალიზში ვრთავთ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ხელფასებთან დაკავშირებით, რადგან ესეც გარკვეულწილად მოთხოვნის ნაწილია. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, რადგანაც თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ამან შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდება , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში.

ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში.

ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს”,- განაცხადა გვენეტაძემ.