„ევროპაში ძალიან გაძვირდა პურ-პროდუქტები, მიმდინარეობს საუბარი საქართველოდან მზა პურ-პროდუქტების ექსპორტზე“

0
132

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მიმდინარეობს საუბარი საქართველოდან მზა პურ-პროდუქტების ექსპორტზეც.

„საუბარია საქართველოდან მზა პროდუქციის ექსპორტზე, ევროპაში ძალიან გაძვირდა პურ-პროდუქტები. საუბარია, ისეთი პროდუქტის ექსპორტზე, როგორიც არის მოხარშული ცომი, სადაც პურის შენახვის ვადა გაზრდილია“, – აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

გარდა ამისა, როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, საქართველოში შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუსწორდა.

მან სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი ყოველდღიურად 400 ტონა პურს მოიხმარს.

„ხორბლის 2 თვის მარაგი ყოველთვის გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლის ბოლომდე ამ პროდუქტზე თავის ტკივილი არ გვექნება. ეს დარგი მყარად მუშაობს, ჭორების გავრცელება, რომ: „აი, რაღაც გვემუქრება“ ჯერ ამაზე საუბარი არ არის. პროდუქტების ფასი არ შეცვლილა, სტაბილურია და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება.

შემოტანილი ფქვილის ღირებულება და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუსწორდა. რა თქმა უნდა, 2-თვიანი მარაგი არის, ეს არის დაახლოებით 80 ათასი ტონა. საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს. ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში.

პურ-პროდუქტებს განსაკუთრებული წესები ჰქონდა, 30% ღამე მიეწოდება მაღაზიას, დანარჩენი დილით, სამწუხაროდ, ეს მოიშალა. ყველას დილით უნდა, 9:00 საათზე. ასე შეუძლებელია. დაინახავს შესაბამისი სამსახური და იღებენ ფოტოს. თუ ადრე 10 ლარი იყო, ახლა 50 ლარია ჯარიმა. დისტრიბუტორები ტოვებენ სამსახურს და ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ ასეთ პირობებში“, – აღნიშნავს დოლიძე.