„ანაკლიის პორტის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს“

0
191

„ანაკლიის პორტის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს“ – ამის შესახებ bm.ge-თან კომპანია „სოფმარის“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განაცხადა. ალანია ამბობს, რომ ქვეყანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი წინ უნდა წამოწიოს და ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.

მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმ შესაძლებლობას, რაც დღეს მის წინაშეა დაკარგავს. ალანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს.

“ფოთის პორტი ვერ უძღვება და ვერ ამუშავებს იმ რაოდენობის ტვირთს რაც საქართველოს მისამართით არის წამოსული. საქართველოს სჭირდება ახალი ნავსადგური, ეს აუცილებლობაა. დღეს უფრო და უფრო ჩანს, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია.

ამის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ფოთის ნავსადგური მეტს ვერ შეძლებს, შეიძლება კიდევ 10-15%-ით მეტი შეძლოს, იმის ხარჯზე, რომ გააუმჯობესოს მენეჯმენტი, მიდგომა, არის საკითხები, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება, მაგრამ 10-15% ვერ იქნება გადამწყვეტი,”-ამბობს კომპანია “სოფმარის” დირექტორი ვახტანგ ალანია.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს განაცხადა, რომ იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესებული არიან.

ამასთან, ამ დრომდე უცნობია როდის გამოაცხადებს ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს. განახლებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში არ აქვთ.

bm.ge