სოკარის შემოსავალი 62%-ით, მილიარდ ლარამდე გაიზარდა

0
137

შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს შემოსავალს 61.8%-ით 972.3 მლნ ლარამდე ზრდის. ამის შესახებ კომპანიის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე ატვირთულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომპანიამ წინა წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაზარდა  რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი და 831.6 ათასი ლარი დააფიქსირა.

კომპანიამ 3.8%-ით, 20მლნ ლარამდე გაზარდა თანამშრომელთა ხელფასი და სარგებელი.

ანგარიშგების დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ 18.3%-ით 344.7 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები.

კომპანიას 2.7%-ით, 764.4 მლნ ლარამდე  შეუმცირდა აკუმულირებული ზარალი, რის შედეგადაც კაპიტალის ზარალი 173.5 მლნ ლარამდე შეუმცირდა.

საქსტატის მონაცემებით, სოკარმა 2022 წლის სექტემბერში ადგილი დაკარგა ტოპ 5 იმპორტიორში. იგი ,,რომპეტროლ საქართველომ’’ ჩაანაცვლა. შესაბამისად სექტემბრის ხუთეული ასე გადანაწილდა: შპს Caucasian Metals Terminal; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ტოიოტა კავკასია.

(2021 წლის სექტემბრის ხუთეული: შპს Caucasian Metals Terminal; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ტოიოტა კავკასია).

სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი დარეგისტრირდა 2006 წელს. ის ასაქმებს 1500-ზე მეტ თანამშრომელს. კომპანია 2021 წელს მოემსახურა 12.2 მლნ ვიზიტორზე მეტს.შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 110 ავტოგასამართი სადგურით და 13 კლიენტთა მომსახურების ცენტრით.

კომპანიის 100%-წილის მფლობელია შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია’’, რომლის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

Intersun Holding FZCO – 8.165%.

EVENTUS GENERAL TRADING FZE – 16.33%.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია – 75.5%.

სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი 2021 2020
შემოსავალი 972.3 600.9
რ.ს.თ (831.6) (498.5)
ხელფასები (20) (19.2)
აქტივები 344.7 291.3
კაპიტალი (173.5) (201.1)
აკუმ.ზარალი (764.4) (785.7)

თანხა (მლნ ₾).

წყარო: GBC.GE