რა შემთხვევაში შეძლებენ მომხმარებლები ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნებას

0
164

საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია 14 დღის ვადაში დაიბრუნოს ნივთი, რომლითაც მომხმარებელი უკმაყოფილოა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო. თუმცა, არის რიგი საკითხები, რა შემთხვევაშიც, ონლაინ მოვაჭრეს აქვს უფლება ნივთი არ დაიბრუნოს.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, პროდუქტი არ უნდა იყოს მალფუჭებადი, ან სპეციალური შენახვის ვადის მქონე. ამასთან, მოხმარების კვალი არ უნდა ეტყობოდეს და ნივთის ღირებულება 30 ლარს უნდა აღემატებოდეს.

„კანონში გაწერილია უპირობო დაბრუნების ვადა, თუ ეს პროდუქტი არ არის გამონაკლისი. უნდა იყოს 30 ლარზე მეტი ღირებულების, არ უნდა იყოს სპეციალური შენახვის მქონე პროდუქტი, მაგალითად, მედიკამენტი, ბავშვთა კვება, ან მალფუჭებადი პროდუქცია, პირობითად არაჟანი, რომელიც გამოვიწერე მაღაზიიდან.

 

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უკვე მოქმედებს 14-დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა, მაგრამ ეს არ არის აბსოლუტური პირობა. თუ პროდუქტს მოხმარების კვალი ექნება… სწორედ ესაა, რაც ონლაინ მოვაჭრე კომპანიამ ზუსტად უნდა განუმარტოს მოქალაქეს, მაგალითად, ვიყიდე მაცივარი, სარეცხის მანქანა, 12 დღე მოვიხმარე და მე-13 დღეს მინდა, დავაბრუნო, ეს ვერ იქნება პროდუქციის თავდაპირველი ფორმით უკან დაბრუნება. ასეთ დროს, მოვაჭრეს შეუძლია არც დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩავრთე, არ ჩაირთო, ან ისე არ მუშაობს, როგორც საჭირო იყო; იმ სიმძლავრის, რაც აწერია, არ იყო, ან იმ პირობას არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც მე მქონდა ინფორმაცია.

იგივე შემიძლია გითხრათ ტანსაცმელზეც. მაგალითად გამოვიწერე პროდუქტი, ახლა, თუ ვატარე ერთი კვირა, 10 დღე და მოხმარების კვალი ეტყობა, რა თქმა უნდა, აქ უკვე უპირობო დაბრუნების თემა აღარ არის. აქ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების წარმოდგენა, ორივე მხრიდან, თუ მოვაჭრე და მომხმარებელი ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მოვაჭრე უარს ამბობს ნივთის დაბრუნებაზე, მომხმარებელს შეუძლია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

„ჩვენ გვქონდა 6 თვე მოსამზადებლად. კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. გვყავს უკვე შესაბამისი დეპარტამენტი, გვაქვს კანონქვემდებარე დოკუმენტი და განაცხადის ფორმა ატვირთულია ჩვენს ვებ-ვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, რომლიც ჩათვლის, რომ მისი უფლება შეილახა, შეუძლია განაცხადის ფორმა შეავსოს და მოგვმართოს.

ფიზიკურად მოსვლა არც არის საჭირო, ონლაინაც შეიძლება ამის გამოგზავნა, მეილის საშუალებით, ასევე გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც ავამოქმედეთ და შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, დარეკოს. ჩვენი წარმომადგენლები დეტალურად აუხსნიან პროცედურებს.

ცხელი ხაზის ნომერი ჩვენს როგორც „ფეისბუკ“, ისე ვებ-გვერდზეც არის განთავსებული, პრესის საშუალებითაც გავრცელდა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, ნახოს“,- განცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

BPN.GE