ეროვნული ბანკის ინიციატივით, მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში, ფინანსური განათლების გაკვეთილები ტარდება

0
159

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge – ფინედუსა და საბანკო სექტორის ჩართულობით, 31 ოქტომბრიდან საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია იწყება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტივობები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის გარდა, სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალური ღია გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს.

პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლები სკოლებს ეწვევიან და მოსწავლეებთან ერთად დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებენ. საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში სკოლებს ეროვნული ბანკის 50-ზე მეტი თანამშრომელი ეწვევა, მათ შორის, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გაკვეთილების სერია ქ. თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის სტუმრობით დაიწყო. კვირის ბოლომდე ეროვნული ბანკის თანამშრომლები თბილისისა და რუსთავის 70-მდე სკოლას ეწვევიან.

ეროვნულ ბანკს ასევე უერთდებიან: “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “ტერაბანკი” და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისი”, რომლებიც რეგიონების მასშტაბით დამატებით 50-ზე მეტ სკოლას ეწვევიან.

“ეროვნული ბანკის მოხალისე თანამშრომლების, ე.წ.”დესპანების” დახმარებით, სკოლებში დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილების ჩატარების ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ.

ინიციატივაში კომერციული სექტორიც შემოგვიერთდა. წლევანდელმა გამოხმაურებამ ცხადად დაგვანახა, რომ სკოლების მხრიდან დაინტერესება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც მისასალმებელია და ძალიან გვახარებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.

სკოლების მხრიდან გაზრდილი ინტერესი და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი კი ნათლად ადასტურებს, რომ ისინი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მნიშვნელობას სრულად იაზრებენ, ურთიერთძალისხმევა კი ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით შედეგების გაუმჯობესების წინაპირობაა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.