გიორგი ჩიქოვანი – ევროკავშირის ინტერესები, ისევე როგორც საქართველოსი, ემთხვევა თურქმენეთის მცდელობებს გაზის ექსპორტის მარშრუტების მეტი დივერსიფიკაციის შესახებ

0
132

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი -2022“ სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის მიზანს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარების შესახებ რეგიონული დიალოგის გაძლიერება წარმოადგენდა. აგრეთვე, გლობალური ენერგეტიკული სისტემის უახლესი ტენდენციებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვა.

„კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთი საკითხებს, როგორიცაა: ენერგეტიკის მომავალი და გამოწვევები; საინვესტიციო შესაძლებლობები ნავთობისა და გაზის სექტორში; ახალი ეპოქის ენერგია- შიდა და რეგიონული განვითარების პერსპექტივები; ნახშირწყალბადების განვითარების ეკოლოგიური ასპექტები და ა.შ.

პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ გიორგი ჩიქოვანმა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ენერგეტიკის სექტორში შექმნილ რეალობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და მრავალვექტორიანი მილსადენების სისტემის შექმნის მნიშვნელობას. აგრეთვე, ევროკავშირს, ცენტრალურ აზიას, კავკასიის ქვეყნებს, დარგის წარმომადგენლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაფართოების აუცილებლობას თურქმენეთსა და სამხრეთის გაზის დერეფანს შორის ენერგეტიკული ხიდის შესაქმნელად სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ვალდებულებების გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კორპორაციის გენერალური დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თურქმენეთის მიზანი – მოახდინოს გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია, თანხვედრაშია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების სურვილებსა და საჭიროებებთან.

„სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, უდიდეს სტიმულს იძლევიან მიწოდების სისტემაში თურქმენული ბუნებრივი გაზის შემოღების საკითხის განსახილველად. საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და სამხრეთ კავკასიის კორიდორი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სირთულეები გადალახვადია, თუკი არსებობს სათანადო სურვილი, მზაობა და ჩართულობა სახელმწიფოების, საბანკო და კერძო სექტორებისა და დონორების მხრიდან.

„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან განსხვავებულ და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ვიდრე ეს იყო გასული წლის ბოლოს. რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ინტენსიურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი მატებამ, ანტირუსულმა სანქციებმა და ტრადიციული ლოგისტიკური კავშირების მოშლამ გააძლიერა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა თურქმენული გაზის მიმართ და მისი მისწრაფება, აღმოფხვრას რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

ევროკავშირის ინტერესები, ისევე როგორც საქართველოსი, უსაფრთხოებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიმართ, ემთხვევა თურქმენეთის მცდელობებს გაზის ექსპორტის მარშრუტების მეტი დივერსიფიკაციის შესახებ. საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური დიალოგი თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთ გაზის დერეფნის სხვა წევრებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა საკუთარ გამოსვლაში.

კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდნენ თურქმენეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენლები, წამყვანი ეროვნული და საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიებისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სფეროს ექსპერტები და ა.შ.

კონფერენციის ორგანიზატორი იყვნენ სახელმწიფო კონცერნები „თურქმენგაზი“, „თურქმენებიტი“ და სახელმწიფო კორპორაცია „თურქმენგეოლოგია“ თურქმენულ ფორუმთან და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ GaffneyCline-თან პარტნიორობით.

კონფერენციასა და გამოფენას, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კონცერნის “თურქმენგაზის” თავმჯდომარის, ბატირ ამანოვის პირადი მიწვევით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთან კომერციულ საკითხებში, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად ესწრებოდა.