„ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს“

0
108

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რატომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება ენერგეტიკულმა ბირჟამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა~ მთავრობის სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ღრმა ანალიზის საფუძველზე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს.

„ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით უნდა ფუნქციონირებდეს. სწორედ ამ ბირჟის პირობებში არის აღნიშნული მხარდაჭერის პროგრამა ვალიდური.

აღნიშნულ გადადებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. იმისთვის, რომ ბირჟამ სწორად დაეწყო ფუნქციონირება, თავიდან ყოფილიყო აცილებული გარკვეული გართულებები, მითუმეტეს, როდესაც ზამთრის სეზონზე ვსაუბრობთ, როდესაც ქვეყანას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტი, ბუნებრივია, თეორიულად და პრაქტიკაშიც შესაძლებელია წარმოქმნილიყო გარკვეული სირთულეები.

იცით, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე. საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის პერიოდი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ ბირჟამ დაიწყოს ფუნქციონირება“, – აღნიშნავს ხუციშვილი.